ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია ანდეს კომპანიას, რომლის მესაკუთრეებიც 2013 წელს დაკავებულები იყვნენ, მათი კომპანიის წინამორბედი კი შავ სიაში იყო – ამ იფნორმაციას, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
”ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თბილისის მერიამ 2020 წელს დაიწყო და თავად მერიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით 2021 წლისათვის უნდა დასრულებულიყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევის და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. თავად მერის, კახა კალაძის თქმით, ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე განხორციელდა.
პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის განხორციელებაზე 17,600,000 ლარი, ხოლო გამწვანების ღონისძიებებზე დამატებით 3,500,000 ლარი დაიხარჯა.
პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს დაგი ახორციელებდა, რომლის ვალდებულებაშიც ვაკის პარკში ზედაპირის მოპირკეთება – მათ შორის მიწის სამუშაოების, ასევე დემონტაჟისა და სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარება შედიოდა. კომპანია ასევე ვალდებული იყო, ჩაეტარებინა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, გაეყვანა კომუნიკაციები, დაეყენებინა განათებები, უზრუნველეყო სხვადასხვა ტიპის ბორდიურებისა და ფილების მოპირკეთება და მონტაჟი. კომპანიას უნდა მოეწყო საბავშვო მოედნები, აღედგინა შადრევნები, მოეწყო ძაღლების სავარჯიშო მოედანი და ველოსიპედების გასაჩერებელი კარკასი. დოკუმენტაციის თანახმად, ვაკის პარკში ასევე უნდა მოწყობილიყო სატრენაჟორო სივრცეც, რომელიც უზრუვნელყოფილი იქნებოდა ინკლუზიური ფიტნეს აღჭურვილობითაც.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპს, თბილისის მერიამ ელ.ტენდერი (NAT210017848) 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რათა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშოები შეესყიდა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარს შეადგენდა. ტენდერში სამი კომპანია იღებდა მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული შპს გრინსერვის + გახდა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ შპს გრინსერვის + თბილისის მერიისგან 12,979,867 ლარს მიიღებდა. შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა, დღევანდელი მონაცემებით კომპანიას აღნიშნული თანხის თითქმის ნახევარი, ანუ 6,324,286 ლარი აქვს მიღებული.
ვაკის პარკში შადრევნის გახსნიდან ზუსტად 1 დღის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პასუხი იმ კომპანიებს მოეთხოვებათ, რომლებიც შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშოებს ახორციელებდნენ.
აღსანიშნავია, რომ გრინსერვის + 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელები და მიმდინარე მონაცემებით მესაკუთრეები არიან: კობა ხარშილაძე, ლაშა ფურცხვანიძე, ტარიელ კიკნაძე.
ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის გამგებლისა და თბილისის მერის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა, კობა ხარშილაძე კი ლაშა ფურცხვანიძის მოადგილე ძველი თბილისის გამგებლად ყოფნისას.
აღსანიშნავია, რომ გრინსერვის +ის მესაკუთრეებს, ლაშა ფურცხვანიძესა და კობა ხარშილაძეს საკუთრებაში იყო კომპანია შპს გრინსერვისი, რომელიც 2012 წლის ივლისში შავ სიაში შეიყვანეს.
მოგვიანებით, 2013 წლის 16 დეკემბერს, შპს გრინსერვისის საქმეზე ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ლაშა ფურცვანიძე და კობა ხარშილაძე დააკავეს.
შპს გრინსერვისის გაშავების შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში ასპარეზზე სწორედ შპს გრინსერვის + გამოვიდა.
შპს გრინსერვისი+-მა სახელმწიფოს შესყიდვებში ასპარეზობა 2013 წლიდან დაიწყო. კომპანიას დღემდე 73 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.
ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგად გრინსერვისი+ აქტიურად აგრძელებს ტენდერებში მონაწილეობის მიღებას და მათი დამფუძნებლების დაკავების შემდეგაც, უწყებებს, განსაკუთრებით კი თბილისის მერიას კითხვები არ უჩნდება ამ კომპანიასთან ხელშეკრულებების გაფორმებისას.” – ნათქვამია “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.