აშშ-ის საჰაერო ძალების ევროპულ სარდლობამ დღეს განაცხადა, რომ რუსული სუ-27-ის ეკიპაჟის „უგუნური და არაკომპეტენტური“ ქმედებების გამო შავი ზღვის თავზე საერთაშორისო წყლებში ჩამოაგდეს აშშ-ს საჰაერო ძალების MQ-9 Reaper სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.
სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, დილის 07:03 საათზე, ორმა რუსულმა სუ-27 თვითმფრინავმა ჩაატარა „არაუსაფრთხო და არაპროფესიონალური“ დრონის გადაჭერა.
ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი დაეჯახა MQ-9 პროპელერს, რის შედეგადაც აშშ-ს ძალებმა დრონი ჩაძირეს, ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენი MQ-9 თვითმფრინავი სტანდარტულ ოპერაციებს ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ის რუსულმა თვითმფრინავმა გადაიჭირადა და დააზიანა, რამაც გამოიწვია MQ-9-ის ჩამოვარდნა და სრული დაკარგვა“, – თქვა აშშ–ს საჰაერო ძალების მეთაურმა ევროპასა და აფრიკაში გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა–“ეს არ არის უსაფრთხო და რუსების არაპროფესიონალურმა ქმედებებმა კინაღამ გამოიწვია ორივე თვითმფრინავის ჩამოვარდნა“.
ჰეკერმა დასძინა, რომ აშშ–ს და მოკავშირეთა თვითმფრინავები გააგრძელებენ ფრენას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში – საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. რუსული ეკიპაჟის „აგრესიული ქმედებები“ „საშიშია და შეიძლება გამოიწვიოს არასწორი გაანგარიშება და უნებლიე ესკალაცია“, -აღნიშნა გენერალმა.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია. რუსეთის ხელისუფლებას ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავზე თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.