შავ სიაში შეტანილი ჩინური კომპანია და ხელისუფლების პასუხისმგებლობა რიკოთზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით – “სამოქალაქო იდეა”

“შავ სიაში შეტანილი ჩინური კომპანია და ხელისუფლების პასუხისმგებლობა რიკოთზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით” – გამომდინეარე იმ პრობლემებიდან, რომლებიც ბოლო პერიოდში  რეკოთზე შექმნა,  ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ განცხდებას ავრცელებს და საზოგადოებას ამ თემასთან დაკავშირებით  ხელისუფლების პასუხისმგებლობას ახსენებს.

განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

”რიკოთის გზის და გვირაბების მშენებარე ერთ-ერთ  ჩინურ კომპანიასთან –  „China State Construction Engineering Corporation“ დაკავშირებით , „სამოქალაქო იდეამ“ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბრში გამოაქვეყნა  China Watch-ის მეათე ანგარიში – „CSCEC საქართველოში“, სადაც  საფუძვლიანად არის შესწავლილი ჩინური კომპანია China State Construction Engineering Corporation-ის რეპუტაცია და მის სახელთან დაკავშირებული გადაცდომები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, CSCEC და მისი შვილობილი კომპანიები,  კორუფციისა და თაღლითობის სქემებს ახორციელებდნენ ჩინეთში, აშშ-ში, ფილიპინებში, პაკისტანში, კენიაში, ტანზანიაში, ეთიოპიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რის შედეგადაც სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების შავ სიაში მოხვდნენ. 2009 წელს, მსოფლიო ბანკმა შპს China State Construction Engineering Corporation შავ სიაში შეიყვანა,  ფილიპინებში შეთქმულების პრაქტიკასა და კორუფციულ სკანდალში მონაწილეობის გამო, რომელიც ეხებოდა ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამას. 2020 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა იმ ჩინური კომპანიების სია, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ დამყარებული ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან (PLA). სწორედ ამ კომპანიებს შორის იყო CSCEC. ტრამპის ადმინისტრაციამ, ეს უკანასკნელი კიბერ ჯაშუშობაში დაადანაშაულა, ხოლო აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტებს აუკრძალა, გამხდარიყვნენ CSCEC-ის აქციონერები. კომპანიის კიბერ მაქინაციებში ჩართულობასთან დაკავშირებული ბრალდებები, ნამდვილად არ არის ახალი, ვინაიდან ჯერ კიდევ 2017 წელს, პეკინმა ფარული მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა აფრიკის კავშირის შტაბბინაში, რომელიც China State Construction Engineering Corporation-მა ეთიოპიაში ააშენა. აღმოჩნდა, რომ მონაცემები შენობაში არსებული პერსონალური კომპიუტერებიდან ჩინურ სერვერებს ხუთი წლის განმავლობაში გადაეცემოდა. 2022 წლის დასაწყისში, კენიის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს CSCEC-ის წინააღმდეგ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე. სასამართლოს სთხოვეს აეკრძალა კომპანიის მუშაობა კენიაში და შესაბამისად, მის მიერ კენიის კანონებისა და დირექტივების დარღვევა დაედგინათ.

CSCEC-ის სახელთან ასოცირებული უახლესი სკანდალური შემთხვევა, უკრაინაში დაფიქსირდა. 2023 წლის მარტის ბოლოს, უკრაინულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ NAZK-მა,  ჩინური კომპანია, უკრაინაში რუსული ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა. სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად, CSCEC აგრძელებდა პროექტების აქტიურად განხორციელებას ტერორისტულ სახელმწიფოში, სწორედ მას აბარია კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტები და რუსეთის მთავრობასთან მუდმივი შეხვედრების გამართვით თავისი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს.

ბოლოდროინდელ მოვლენებამდე, საქართველოში CSCEC-ის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოვლინდა ორი მნიშვნელოვანი გადაცდომა – 1) ხელშეკრულების გაჭიანურება და გადავადება და 2) გარემოსდაცვითი პრობლემები. 2019 წლის 21 აგვისტოს, გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება გააფორმა China State  Construction Engineering Corporation Limited-თან ე-60 მაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის (კმ 0.0 – კმ 11.6) სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. პარადოქსულია ის გარემოება, რომ მსოფლიო ბანკის მიერ ნაწილობრივ დაფინანსებულ პროექტს სწორედ ის კომპანია აშენებს, რომელიც იმავე მსოფლიო ბანკს, შავ სიაში ჰყავს შეყვანილი.  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ცნობილი და შავ სიაში შეყვანილი ჩინური კომპანია, იგებს სატენდერო პროექტს, რომელიც დაფინანსებულია, მისი შავ სიაში შემყვანი ორგანიზაციის მიერ. China State Construction Engineering Corporation Limited-თან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული, მაშასადამე გზის მშენებლობა 2022 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. მიუხედავად ამისა, ჩინელმა კონტრაქტორმა სამუშაო დროულად ვერ დაასრულა და ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, პროექტის დასრულება შვიდი თვით გადაიდო. ამის შემდგომ, E-60 მაგისტრალის-ხევის (F1) მშენებლობის პროექტის დასრულების ვადად 2023 წლის აგვისტო განისაზღვრა.

2020 წელს, ადგილობრივმა მოსახლეობამ სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა, რომ  ჩინურ კომპანია CSCEC-ს ბეტონის დამამზადებელი დანადგარი მდინარის პირას ჰქონდა ჩადგმული, რაც მდინარის დაბინძურებას იწვევდა. როგორც მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ გაარკვია, ამ ინფორმაციის მედიაში გაჟონვის გამო, მთავრობა იძულებული გახდა კომპანია 3000 ლარით დაეჯარიმებინა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.