პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ როდესაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების კანონთან“ დაკავშირებით ემოციები ჩაცხრება, ყველა და მათ შორის, აქციის მონაწილეებიც დაფიქრდებიან, რას აპროტესტებდნენ.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონპროექტის განხილვას საკანონმდებლო ორგანო აღარ მიუბრუნდება, თუმცა მან თავისი საქმე იმით გააკეთა, რომ „მოქალაქეები დააფიქრა“.
სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ძალის გამოყენებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ აქციაზე გამოჩნდება ხოლმე აგრესიული ჯგუფი, რომელსაც ტერიტორიიდან განრიდება სჭირდება და მისი სიტყვებით, „სწორედ სპეციალური საშუალებები იძლევა საშუალებას, რომ ნაკლები ზიანით მოახდინონ წესრიგის აღდგენა“.
შალვა პაპუაშვილის სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის არც ერთ კანონს არ აქვს უფრო მეტი ძალა და ფასი, ვიდრე ერთი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
შეკითხვაზე, რით აიხსნება საქართველოს დასავლელი პარტნიორების კრიტიკა, მათ შორის, აშშ-ის ელჩის და საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ეწერა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს არაფერი ჰქონდა საერთო ე.წ. ამერიკულ კანონთან და ის სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას, სიჩუმეს, ხმებისა და სხვადასხვა შეხედულების შემცირებას ისახავდა მიზნად, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ „ნებისმიერი შედარება რუსეთთან არის აბსოლუტურად მიუღებელი:
„ეს არის დაუშვებელი და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ აკეთებს ამ შედარებას, იქნება ეს ქართველი პოლიტიკოსი თუ უცხოელი დიპლომატი, ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს. მე მგონი, ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ და მათ შორის, ელჩებმაც. საქართველოს შედარება რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, არის მიუღებელი და არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. მით უმეტეს, ამ შედარებას არ აქვს არანაირი საფუძველი“.