გვინდა, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს ტელეკომპანია POSTV-ს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი არხის პოზიცია. ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალს ადევნებს ცრუ ბრალდებების მიაღვარს ტელეკომპანია POSTV-ს, მისი დამფუძნებლისა და ჟურნალისტების მიმართ. ამ კარგად  ორგანიზებული, დაფინანსებული, ორკესტრირებული კამპანიის მიზანია, უარი ვთქვათ იმ მისიის შესრულებაზე, რის გამოც შეიქმნა ეს არხი. მისია ნათელია – ქართულ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე.

ტელეკომპანია POSTV 2017 წელს შემოვიდა იმ მედიასივრცეში, რომელიც გაჯერებული იყო სიცრუით, საზოგადოებისთვის ნაძალადევად თავსმოხვეული დოგმებით, სტერეოტიპებითა და აკრძალვებით. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, მოვწონებოდით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავეშებულები ებრძვიან ტელეკომპანია POSTV-ს – ე.წ. მედიაექსპერტებს, NGO-ებს, დემოკრატიის ქურქში გადაცმულ მოძალადეებსა და ლიბერალიზმის მანტიაში გახვეულ ფაშისტებს. ჩვენი მისიაც და მიზანიც იყო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, ანუ მისი კონსერვატიული ნაწილისთის გვეჩვენებინა რეალობა. მისია რომ შესრულებულია და ჩვენ ვიპოვეთ გზა ჩვენი მრავალრიცხოვანი მაყურებლის გულებამდე, ამას მოწმობს POSTV-ს რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ჩვენი არხი ყველა სატელევიზიო არხს შორის იკავებს მყარ მე-3 ადგილს იმედისა და რუსთავი 2-ის შემდეგ და ხშირ შემთხვევაში რეიტინგით უსწრებს ერთად აღებულ სამივე ოპოზიციურ არხს – ტელეკომპანია ფორმულას, რომელსაც პულსი არ ესინჯება, TV პირველს და ნაცმედიის მთავარ რუპორ მთავარ არხს, რომლის რეიტინგიც განახევრებულია.

უკვე ვეღარავინ მალავს იმას, რომ ტელეკომპანია POSTV სულ რაღაც 5 წელში გავლენიან და ანგარიშგასაწევ მედიად ჩამოყალიბდა. არც შალვა რამიშვილის როლია დასამალი ამ ტელეკომპანიის შექმნასა და განვითარებაში, ამიტომაც გახდა ის ბოლო დღეებში ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი სამიზნე. ცდილობენ, შალვა რამიშვილი მოძალადედ გამოაცხადონ. გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მიუხედავად პირადი საუბრების თემატიკის უხერხულობისა, რაზეც თავად შალვა რამიშვილმა არაერთხელ საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ბოლო დროს გავრცელებულ პირად საუბრებსა თუ მიმოწერებში ძალადობის ნიშანიც კი არ არის. შალვა რამიშვილი არც სასამართლოს მიერ ყოფილა ოდესმე ძალადობისთვის გასამართლებული ან რაიმე სახდელდადებული, როგორც ამას ე.წ. უფლებადამცველები ამტკიცებენ. ე.წ. თათია სამხარაძის ქეისში სასამართლომ შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის 2 000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა დამსაქმელის ვალდებულებების დარღვევისთვის, რასაც შრომის კოდექსი ითვალისწინებს.

რა თქმა უნდა, შალვა რამიშვილი მზადაა, თუ რაიმე სახით ნებისმიერ პირთან მიმართებით ძალადობის ფაქტი დადასტურდება, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ POSTV-ს წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას არავითარი კავშირი არ აქვს ქალთა უფლებების დაცვასთან, იგი წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და ნეოლიბერალური ჯგუფებისთვის მიუღებელი მედიასაშუალებების განადგურებისკენ არის მიმართული. ამის ნათელი დასტურია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის მიერ POSTV-ს ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი, რომლის ამსახველი ვიდეომასალა მთელმა საქართველომ იხილა და შემდეგ ამ ძალადობის ფაქტზე ქალთა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოების დუმილი. ეს არის ორმაგი სტანდარტისა და შერჩევითობის სახიფათო პრეცედენტი, რომელიც არა თუ უზრუნველყოფს ქალთა უფლებების დაცვას, პირიქით, ახდენს ქალების მეტად სტიგმატიზებასა და სეგრეგაციას.

ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს ქალი პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგი, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის დაუშვებლობაზე ისაუბრა და POSTV-ს ქალ ჟურნალისტზე ძალადობის ფაქტი არც კი უხსენებია, ისევე, როგორც არ უხსენებია ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის, მარიკა ბაკურაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტი. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ იყოს საქართველოს თითოეული მოქალაქის დამცველი, როგორც სალომე ზურაბიშვილმა მისი ინაუგურაციის დღეს განაცხადა, ის ბოლო დროს მხოლოდ ომის პარტიის წარმომადგენლების დამცველად გვევლინება. აქვე გვინდა, სოლიდარობა და სრული თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგა ნათია ბერიძეს, რომელიც ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ამ ძალადობის ფაქტზე პასუხისმგებელი პირი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას პროვოკაციული ქმედებებით გაღიზიანებულმა მოქალაქემ მას მობილური ტელეფონი გადაუდგო და ამ ფაქტის გამო მძიმე სენით დაავადებული, 5 უდედო შვილის მამა მყისიერად იქნა დაკავებული.

დაბოლოს, გვინდა შევეხოთ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმის, გაქცეული ოლიგარქის ბინძური დავალებების შესრულებლის, დიმიტრი ჩიქოვანისა და თათია სამხარაძის კონსპირაციულ შეხვედრას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ინტერესი არასდროს ყოფილა მოქალაქე თათია სამხარაძისა და მოქალაქე დიმიტრი ჩიქოვანის პირადი ურთიერთობები. ჩვენ დავინტერესდით კეზერაშვილის დესტრუქციული დავალებების მთავარი შემსრულებლის, დიმიტრი ჩიქოვანისა და ტელეკომპანია POSTV-ის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზატორის, თათია სამხარაძის საიდუმლო შეხვედრით. ცხადია, რომ ახლა მიმდინარეობს თათია სამხარაძის ხელმეორედ მსხვერპლად ინტრონიზაციის ხელოვნური კამპანია, ამჯერად უკვე POSTV-ს ქალი ჟურნალისტების მხრიდან შევიწროვების მოტივით, რითაც ცდილობენ დაგვაბულინგონ და ხელი აგვაღებინონ კითხვაზე – რას აკეთებდა თათია სამხარაძე კეზერაშვილის მარჯვენა ხელთან, იმ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაშ 3 დღისა 2 ღამის განმავლობაში? აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ POSTV-ს ჟურნალისტებს ადგილზე მუშაობის დროს არ დაურღვევიათ კანონი.

დასასრულს, გვინდა განვაცხადოთ – POSTV-ს კოლექტივში უთანხმოების შემოტანის, არხის თანამშრომლების დაბულინგებისა და ჩვენი ტელეკომპანიის გაჩუმების ნებისმიერი მცდელობა კრახისთვის არის განწირული. როდესაც საუბარია ადამიანების დაქენსელების, ანუ მოკვეთის კამპანიაზე, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ წარმოადგენთ იმ ძალას, რომელიც არათუ ფლირტში და უხამს კომპლიმენტებშია შემჩნეული, არამედ დადასტურებულად, ფაქტების დონეზე არის საკუთარი მოქალაქეების სიტემური გაუპატიურების შემოქმედი. ძალა, რომელიც აბამდა ადამიანებს და შემდგეგ კასტილიან კაცს აუპატიურებდა, ადამიანების სექსუალურ ცხოვრებას იყენებდა შანტაჟის იარაღად. ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი მრავალათასიანი აუდიტორიისთვის სიმართლის თქმას, იმ სიმართლის, რომელიც, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანას”.

POSTV განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მათ დამფუძნებელს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში “გავლენიანი და ანგარიშგასაწევი” მედიის შექმნასა და განვითარებაში დიდი როლის გამო ადანაშაულებენ.