ტყუილი და აბსურდია! – შალვა რამიშვილი მის მიმართ წაყენებულ სექსუალური შევიწროებაზე მძიმე ბრალდებებს უარყოფს.
“ტყუილი და აბსურდია. მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. ჩემი დადანაშაულება სექსუალურ შევიწროებაში არის მერე ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი ვითომ კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი” – ამბობს რამიშვილი “მთავართან”.
ცნობისთვის, ტაბულას ჟურნალისტის მაკო ჯაბუას ფეისბუქ სტატუსის შემდეგ, POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალი ამხელს.
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი, ანანო იაშვილი მაკო ჯაბუას ფეისბუქ სტატუსს აზიარებს და წერს, რომ 10 წლის წინ, შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია იმედში გასაუბრებაზე დაიბარა და წინასწარ გააფრთხილა რომ “გამომწვევად” ჩაეცვა.
- “გასაუბრებაზე რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე, ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე, თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით (წინაზე უარის შემდეგ) და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს… მანიაკია ჩვეულებრივი და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა, საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს! და თავისუფლად დადის ქუჩებში… მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად”, – წერს იაშვილი სოციალურ ქსელში.
ლიკა გრიგალაშვილი იხსენებს, რომ შალვა რამიშვილთან გასაუბრებაზე 6 წლის წინ იმყოფებოდა.
“მე, სრულიად გამოუცდელს, ზედმეტად მიამიტს მეგონა, რომ მივდიოდი სტაჟიორად და მისგან მივიღე შემდეგი კითხვები:
1. მარტო ცხოვრობ თუ მშობლებთან ერთად? 2. შეყვარებული, ან ძმა გყავს? და თუ კი, გიშლიან თუ არა რამის კეთებას? 3. ნახევრად შიშველი შეძლებ ქუჩაში სიარულსა და ინტერვიუს ჩაწერას? 4. რომანი გქონია შენს დამსაქმებელთან? 5. რას სთავაზობ ჩვენს არხს შენი სახით?
დამამუნჯა ამ კითხვებმა, რომელი ტელევიზიის უფროსი სვამს მსგავს კითხვებს ?! ან განცხადებაში პირდაპირ მიუთითე, რომ ჟურნალისტს კი არა საყვარელს ეძებ! ვერც წარმოვიდგენდი, რომ მსგავს კითხვებს დამისვამდა. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ საკადრისი პასუხი მაშინ ვერ გავეცი, რასაც ძალიან ვნანობ”, – წელს გრიგალაშვილი.