შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, რაფაელ მურსაკულოვის მიმართ სწორედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე დაკავებულის, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან პროკურორის თქმით, მურსაკულოვის მიმალვის საფრთხე არსებობდა.

პროკურორის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ჩადენილს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და განზრახ მკვლელობას, ჩადენილს სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ პატიმრობას ითვალისწინებს.