შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროცესზე მურსაკულოვმა კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში ბრუკის ოჯახის წევრებს.

ცნობისთვის, ავსტრალიის მოქალაქე 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.