საერთაშორისო კრიტიკის ფონზე ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიაწვდის ინფორმაციას, როგორ ასრულებს მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულ ინფორმაციას მივაწვდით მიშელს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სრულდება ჩვენი მხრიდან დოკუმენტის თითოეული პუნქტი ზედმიწევნით და ასევე, ბუნებრივია მივაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ არ ასრულებს ოპოზიცია ამ შეთანხმებას, სხვადასხვა ფორმით.
არის ორი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება, „ქართული ოცნება“, რომელიც ყველა პუნქტს ასრულებს და არის ოპოზიცია, რომელიც ძალიან უდიერად და გულგრილად ეპყრობა ამ დოკუმენტს. ამას ხედავს საზოგადოება, ხედავენ საერთაშორისო პარტნიორები და ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს დასკვნები. ჩვენი მხრიდან მუდმივი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პარტნიორებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია”,– ამბობს ის იმედის ეთერში.
კობახიძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიმართ “უდიერი დამოკიდებულების” გამო საზოგადოება ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე პასუხს გასცემს.
ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, სადაც შეშფოთება გამოთქვა ქართული ოცნების მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის გამო, რაც, მათი შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. დანიშვნები 19 აპრილის შეთანხმების საპირისპიროდ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც. გარდა ამისა, მმართველ პარტია ამავე მიზეზით უკვე არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა ენტონი ბლინკენს კრიტიკაზე უპასუხეს. მათი მტკიცებით, მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას “ზედმიწევნით” ასრულებს, თუმცა კონკრეტული ჩინოსანი მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის. ისინი არ აკონტრეტებენ, იგულისხმეს თუ არა კელი დეგნანი, თუმცა ამბობენ, რომ ის ქართველი არ არის.