საქართველოს მთავრობის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში დაეხმარებიან. მთავრობა გამონაკლისს დაუშვებს და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ.
მთავრობის ინფორმაციით, მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში.
ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, უზრუველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, ეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
პროცესში აქტიურად ჩართულია როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა უწყებები. აღნიშნულ პროცესებს კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობოთ მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს საოპერაციო შტაბი.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ” – აცხადებს საქართველოს მთავრობა.
დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. მიკროავტობუსი 80 მეტრის კლდიდან გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა – 3.
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.