შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოავარიის გამო თრეველ ჯი-ს დირექტორი და მიკროავტობუსის მფლობელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
“სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს “თრეველ ჯის” დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს”, – წერია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ბრალი ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში ედებათ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.