შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა კვალის აღმოჩენის შესაძლებლობა მოსპეს – პროკურორი

შაქარაშვილის საქმის პროკურორ დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები საგამოძიებო ორგანოებში მომზადებულები მივიდნენ. მისი თქმით, მათ პოლიციაში მისვლისას დაჭრილი ჰქონდათ ფრჩხილები, ასევე ტელეფონებიდან წაშლილი ჰქონდათ ინფორმაცია, რათა გამოძიებისთვის მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა მოესპოთ.

“ექსპერტიზის დასკვნებში საუბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე, რა თქმა უნდა, ბრალდებულები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და მათგან ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები ფაქტიურად, ყველას ჰქონდა დაჭრილი. ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო ორგანოებში, შესაბამისად, მათ უკვე იცოდნენ წინასწარ, რომ მათ ტანსაცმელზე კვალი არ იქნებოდა.

მათ არამხოლოდ ტანსაცმელზე და უშუალოდ თავიანთ სხეულზე, არამედ ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაცია და გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულებები მოეპოვებინათ”. – ამბობს პროკურორი.

მისივე განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეში ორი ხელკეტი ფიგურირებს, ერთი, რომელიც მერსედესის მგზავრს ეჭირა და მეორე, რომელიც ამოღებული იქნა ერთერთი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თუმცა, პოლიციელის თქმით, მეორე ხელკეტი არც ცემის ფაქტებში, არც აგარაკის ეპიზოდში და არც თავდასხმის ეპიზოდებში არ ფიგურირებს.

თუმცა, მეორე ხელკეტზე ექსპერტიზის შედეგად ბრალდებულის, ნიკა ჟვანიას დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.

“უნდა გავმიჯნოთ ჩვენ სხვადასხვა ექსპერტიზები. ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა დნმ-ის კუთხით, ბიოლოგიური ექსპერტიზა, ამ კვლევამ დაადასტურა, რომ იმ ბრალდებულის კვალი, რომელსაც ეკავა ეს ხელკეტი – ნიკა ჟვანიას, ამოვიდა ამ ხელკეტზე, თუმცა იქ საუბარი იყო ანაბეჭდებზე, რაც შეეხება მიკრონაწილაკურ ექსპერტიზებს, ეს არის სავარაუდო ექსპერტიზა, ზოგადად და იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე შეფერილობის და ქსოვილის ტანსაცმელი გვაცვია ადამიანებს, შესაძლებელია რომ ექსპერტმა დაადგინოს რომ ეს ბოჭკო ნებისმიერ ჩვენგანს ეკუთვნის”. – განმარტავს პროკურორი.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ ადამიანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმეს. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. კერძოდ, პროკურატურა ამბობს, რომ მათ გიორგი შაქარაშვილი სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის გარდაიცვალა.