შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო – პროკურატურა

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ექსპერტიზის თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა წყალში დახრჩობით, თუმცა აღენიშნება სიკვდილამდე პერიოდში მკვრივი–ბლაგვი საგნით მიყენებული მრავალი დაზიანება.

“გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით” – წერია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ ჯგუფურ ძალადობის, ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას მუხლით მიმდინარეობდა.