მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სასამართლო სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
თუ სასამართლო, არასრულწლოვნების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, არაუმეტეს შვიდი დღის განმავლობაში, კიდევ ერთი სასამართლო სხდომა ჩაინიშნება, სადაც მოსამართლე სასჯელის შეფარდებაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო.
შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 11 სრულწლოვანია, 6 – არასრულწლოვანი. აქედან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გამოძიება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასაც ედავება.