შაქარაშვილის საქმეში აღმოჩენილ პირადი ცხოვრების კადრებზე გამოძიება დაიწყო – პროკურატურა

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეში აღმოჩენილი პირადი ცხოვრების კადრებზე ცალკე გამოძიება დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება შეისწავლის გამომძიებლის მიერ ადვოკატისთვის კადრების გადაცემის საკითხსაც.

„საქმე, იმავე დღეს, გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა გაირკვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, როგორც მოპოვების ასევე შენახვის კანონიერების საკითხი. გამოძიება ასევე შეისწავლის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის მიერ, დაცვის მხარესთან მტკიცებულებების გაცვლისას, ზემოხსენებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გადაცემის გარემოებებს.

პროკურატურა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეაფასებს საქმის ყველა გარემოებას და გადაწყვეტს შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურაში მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცეს, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.