შაქარაშვილის საქმე – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.