თბილისში, ილურიძის ქუჩის 44–ში, შაქარაშვილის საქმეში ერთ ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის სახლში სასამართლოს განჩინებით კრიმინალური პოლიცია შევიდა და განმეორებითი ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკის მიზანი საქმეში ახალი მტკიცებულებების ამოღება იყო, კონკრეტულად კი მაჯის ელექტრონული საათის და მობილურ ტელეფონთან დაკავშირებულ ნივთების.
ეს მაჯის საათი შესაძლოა საქმეში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოჩნდეს, რადგან მას ვიდეოს გადაღების ფუნქციაც აქვს და შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი იყოს. სამართალდამცველებს აქვთ ეჭვი, რომ შაქარაშვილის მკვლელობის ღამეს ერთ–ერთი ინციდენტი შესაძლოა სწორედ ამ საათზე იყოს ჩაწერილი,კონკრეტულად კი ერთ ერთ დაზარალებულზე ზემოქმედების ვიდეომასალაა აღბეჭდილი.
პატაკში კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი წერს, რომ მისი ინფორმაციით ამ საათზე არსებობს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და არსებობს მისი განადგურების საფრთხე. თუმცა ჩხრეკის შედეგად საათი სახლში არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ ის უკვე განადგურებულია. სამაგიეროდ პოლიციამ ვახტანგ ჩიქოვანის სახლში პოლიციამ გადამალული ტყვიები იპოვა.
ჩიქოვანი სავარაუდოდ ერთ–ერთი პირველი გახდება, ვისაც გამოძიება შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალს წაუყენებენ. სწორედ მან წაიყვანა წვეულებაზე ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ე.წ. ნახალოვკელების ჯგუფი, რომლებიც შაქარაშვილს და მის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ ერთი ბრალდებულის ჩვენებით კი სწორედ ჩიქოვანი ჩაჰყვა ხევში შაქარაშვილს, რის შემდეგაც ის ცოცხალი აღარავის უნახავს.