პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს.პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, მცხეთაში მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე მყოფ სტუმრებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც წვეულებაზე სცემეს და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს ვ.ჩ.-ს. ის შურიძიების მიზნით, თბილისში, ნაძალადევში დაბრუნდა და მეგობრებთან ერთად 19 ივნისის დაახლოებით 00:30 საათისათვის, მერსედესის მარკის და ვ.ჩ.-ს კუთვნილი ტოიოტა ქამრის მარკის ავტომანქანებით უკან მცხეთის მიმართულებით გაემართა.
“დაახლოებით 00:47 საათზე, არაგვის ხიდთან მდებარე ავტო-სამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის ავტომაქანაში მყოფი პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მის თანმხლებ პირებს. თავდამსხმელებს ასევე შეუერთდნენ ვ. ჩ.-ს ზემოხსენებული ორი მეგობარი. ავტომანქანიდან გადმოსულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მყოფ პირებს, ხოლო გიორგი შაქარაშვილმა გაქცევით დააღწია თავი ძალადობას. ფიზიკური ძალადობა გაგრძელდა რამდენიმე წუთი, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა ავტომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
“გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა და გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, — აღნიშნავენ პროკურატურაში.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.
პროკურატურამ ხუთივე თავდამსხმელის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს.