“შაქარაშვილს ოჯახი ვეღარასდროს დაიბრუნებს, მას სიცოცხლე მსჯავრდებულებმა მოუსპეს, განაჩენი სამართლიანია”- ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის მსჯავრდებულების ოჯახის წევრების პროტესტს გამოეხმაურა. როგორც ყაზარაშვილი განმარტავს, სასამართლო არავის გავლენის ქვეშ არ მოქცეულა და მან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
“მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობისთვის ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ წინა პროცესზე 16-16 წელი განუსაზღვრა სრულწლოვან მონაწილეებს.
რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, სასამართლომ ორივე მსჯავრდებულს 10 წელი და 6 თვე განუსაზღვრა, მაქსიმალური სასჯელი, რაც სასამართლოს შეეძლო განესაზღვრა, 12 წელი იყო, თუმცა, მაქსიმალურთან მიახლოებული განუსაზღვრა. რა თქმა უნდა, განაჩენიც კანონიერი და სამართლიანია.
საინტერესოა ასევე, მსჯავრდებულების მხარის გამოსვლა როგორც სასამართლო პროცესზე, ასევე ქუჩაში, სადაც ვნახეთ დემონსტრაცია პლაკატები და ა.შ. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი, პატარა ბიჭი აღარ არის ამ ქვეყანაზე, მას სიცოცხლე მოუსპეს მსჯავრდებულებმა და ისევ მათი ახლობლები, ოჯახის წევრები და მათი საახლობლო წრე ქუჩაში გამოდის, ისინი გამოთქვამენ პრეტენზიას, რომ თურმე, უპატრონოდ დარჩნენ. ისინი არ ფიქრობენ გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილზე, რომელიც ამ ქვეყანაზე აღარ არის და ვერასდროს დაიბრუნებს მისი დედა და ოჯახი მას. ყველა ის განცხადება, რომელიც მსჯავრდებულების ახლობლებიდან გაკეთდა, არის უსიამოვნო ფაქტი”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.
“საერთოდ არ ვთვლი მკვლელის დედად თავს, ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა” – ეს განცხადება, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის ა.ქ.-ს დედამ, ნინო ქვრივიშვილმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ცნობისთვის, დღეს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 2 არასრულწლოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ-ს 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ძალადობის, ასევე გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში.
სასამართლოს გადაწყვეტილებით: 3 სრულწლოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.