ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერის ქვეყნიდან განდევნას არა კანონის დარღვევის გამო, არამედ საქართველოსთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების გამო ითხოვდა.
ამიტომ, მისი თქმით, მსჯელობა შესაძლებელია იმაზეც, ქვეყანაში უნდა შემოვიდეს თუ არა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიგიმანტას პავილიონისი.
“ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ ავკრძალოთ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, “ნაცმოძრაობის” მომხრე პოლიტიკოსი, ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა საქართველოში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, პრაქტიკულად იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით”, – თქვა მამუკა მდინარაძე, თუმცა არ დააკონკრეტა, რა განცხადებას გულისხმობს.
მისივე თქმით, უნდა იმსჯელონ, “უნდა გააჩერონ თუ არა ქვეყანაში” გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგა მაქარაშვილი და სხვები.
“და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი ახალგორის და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში! თუ ამ ყველაფრისთვის მზად არიან, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი!”,– აღნიშნავს მდინარაძე.