აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კორონავირუსის დიაგნოზს და ამ თემაზე მიმდინარე დისკუსიებს ფეისბუქზე ეხმაურება. ამავე დროს იხსენებს დეტალებს, როგორ გადაიტანა თავად კორონავირუსი ზაფხულში:
“ვუსმენ CNN-ზე დოქტორ ფაუსტს და ვფიქრობ …
დოქტორი ფაუსტი ჰარვარდიდანაა. საოცრად აღშფოთებულია, რომ თეთრი სახლის ექიმმა შონ კონლიმ დაწვრილებით არ მოახსენა „ამერიკელ ხალხს“ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა; კერძოდ, როდის დაეწყო სიმპტომები, როდის და როგორ დაუმძიმდა, რა აჩვენა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, ლაბორატორიულმა ტესტებმა და ა.შ. ცხადია, დოქტორ ფაუსტს წამითაც არ უფიქრია, რომ ამერიკელი ხალხის გარდა ამ ყველაფერს უსმენს და აანალიზებს რუსეთის, ჩინეთის, ირანის და ათასი სხვა „ძაღლისა და მამაძაღლის“ სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც ამის მიხედვით აწყობენ ათასნაირ მავნებლურ გეგმებს, რომ დრო იხელთონ და პლანეტარული მასშტაბის ქაოსი შექმნან. მე კიდევ ქართულ მედიაზე მეღიმებოდა, როცა დაწვრილებით, პირდაპირ ეთერში აცნობდნენ ყველას ქართული ჯარის გადაადგილებებს საომარი მდგომარეობის დროს. მავნებელია თუ იდიოტი დოქტორი ფაუსტი? თუ ორივე ერთად? აცნობიერებს კი CNN, რას აკეთებს?
რიტორიკული კითხვებია. ყველას შეუძლია საკუთარი გემოვნების მიხედვით გასცეს პასუხი. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ დოქტორ კონლის გამოსვლა უაღრესად არაპროფესიონალური იყო; იმდენად ჰარიფული, რომ ალალია მასზე CNN-ის ეთერის „ტალახში თრევა“.
შეუძლია თუ არა ნებისმიერ განათლებულ ექიმს პათეტიკის გარეშე, მშვიდად ისაუბროს კოვიდზე? ცხადია შეუძლია. ოღონდ, აბა სცადოს ვინმემ და ზუსტად გათვალოს რა მოუვა 74 წლის პრეზიდენტს შემდეგი 48 საათის განმავლობაში. ნებისმიერი ექიმი სხაპასხუპით ჩამოგიყალიბებთ პროცენტებს, თუ რა შანსები ექნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევაში, თუნდაც ძირითადი კორონარული სისხლძარღვების დაზიანების დროს პაციენტს, მაგრამ აბა სცადოს ვინმემ იგივე სიზუსტით კოვიდის მიმდინარეობის წინასწარმეტყველება. ჰო! ჯერ არ შეუძლია ეს მსოფლიო მედიცინას.
და რომ არ შეუძლია, ეს იწვევს მღელვარებას, შიშს, როგორც ექიმებში, ასევე პაციენტებში. შიში კი საოცრად ურტყამს იმუნურ სისტემას, დაუნდობლად.
…. 12 ივნისი … დილიდან მტკივა მთელი სხეული და ყველა სახსარი. უსიამო წინათგრძნობამ შემიპყრო. შეგუებული ვიყავი რომ ვერ გადავურჩებოდი დაინფიცირებას. ძალიან ბევრ სარისკო სიტუაციაში მომიხდა ყოფნა და თანაც არავინ იცის ზუსტად ჩვენი ნიღბების დაცვის სრული პოტენციალი.
შუადღეზე საშინლად შემამცივნა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ყველა ძვალი გაყინული მიდევს სხეულში, არადა, გარეთ 35 გრადუსიანი სიცხეა. დაყოვნება აღარ ღირს. სადღაც გულის სიღრმეში ვიმედოვნებ რომ იქნებ გავცივდი, მაგრამ …
ტესტი გამიკეთეს, მაგრამ პასუხი მხოლოდ 48 საათის შემდეგ იქნება. სამსახურიდან ბრძანება მივიღე რომ მკაცრ თვითიზოლაციაში წავიდე. გაჭირვებით მივაღწიე სახლამდე და ჩავწექი. სიცხემ 39 გრადუსამდე ამიწია. ვცდილობ თავი დავიმშვიდო და არ ვიფიქრო შესაძლო გართულებებზე; არადა, გონებამ თავისით ამოაგდო ყველა მძიმე შემთხვევა. ნეტავ ლაბორატორიული ტესტების გაკეთება მაინც შემეძლოს სახლში, რომ დაახლოებით მაინც ვიცოდე რას ველოდო. მივხვდი რომ კოლეგისა და მეგობრის გონება მჭირდებოდა დასამშვიდებლად. ჩემი სიცხიანი გონება ვეღარ ქაჩავდა რაციონალურ აზროვნებას. მოვიკრიბე ძალა და ნანა გეგეჭკორს დავურეკე, ძალიან მაგარ ექიმს და კარგ მეგობარს. საოცარი სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. უცებ ჩამოაყალიბა ჩემი მკურნალობის გეგმა და დამაწყნარა. საუბრის მერე უკეთ ვიგრძენი თავი. -ბოლოსდაბოლოს, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, რატომ უნდა გამირთულდეს, ვცდილობ დამშვიდებას და პრაგმატულად ფიქრს.
18 ივნისი … 48 საათმა გაიარა, რაც სიცხე არ მქონია. მგონი ვრჩები. მიხარია. – ჯერ ნუ იჩქარებ – მაფრთხილებს ნანა და მაიძულებს რომ მაქსიმალურად ვიაქტიურო ფიზიკურად. მიჭირს სიარული, სისუსტისაგან თავბრუ მეხვევა, მაგრამ არ მინდა თრომბის მსხვერპლი გავხდე და ვცდილობ ეზოში ვისეირნო, ყველასაგან მოშორებით.
შუადღეზე უცებ ამივარდა სიცხე და საშინლად შემამცივნა. ძალიან ცუდად ვარ. ვრძნობ რომ საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის.
– ველოდი ამ გართულებას – მაინც ოპტიმისტურად არის ნანა. რამდენიმე საათის შემდეგ სუნთქვა კიდევ უფრო მიჭირს; პირჩაღმა დავწექი და ცოტა შვება ვიგრძენი.
– საავადმყოფოში უნდა წახვიდე – მტკიცე ტონით მეუბნება ჩემი ექიმი.
ტაქსის გამოძახება არ მსურს. არ მინდა უცნობი ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩავაყენო, ველოდები სიცხის დაკლებას და მერე თავად ვჯდები საჭესთან.
-ორმხრივი კოვიდ პნევმონია და ციტოკინური შტორმის ნიშნები; უნდა დაგაწვინოთ – ოდნავ შეშფოთებას ვამჩნევ ხმაში ახალგაზრდა ექიმს, რომელიც ჩემი ყოფილი რეზიდენტი აღმოჩნდა.
საავადმყოფოს დერეფანში არავინაა. ვერავის სახეს ვერ ვხედავ. ყველა შეფუთულია და ორმაგი ნიღაბი უკეთია. არაფრის თავი არ მაქვს, პალატაში შემიყვანეს თუ არა, მაშინვე ჩავწექი. საშინლად მცივა. ექთანს ვთხოვე რამდენიმე საბანი მოეტანა. ყველა საოცრად თბილად მეპყრობა. ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო. უსიზმროდ ჩამეძინა.
ღამის 3 საათზე გამეღვიძა. სუნთქვა მიჭირს. მეცოდება ექთანი გამოსაძახებლად. მთელი აღჭურვილობა უნდა აისხას ჩემთან შემოსასვლელად. სიცხე გავიზომე, 40-ს გადასცილდა. მე კი ძალიან, ძალიან მცივა. პარაცეტამოლს ვიღებ მაგიდიდან და ვსვამ; მერე მუცელზე ვწვები…
… ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა. ყოველი სიცოცხლე ძვირფასია; ყოველი. ექიმი ამ პლატფორმიდან უნდა მოქმედებდეს მუდამ და არასოდეს, არასოდეს არღვევდეს საექიმო ეთიკას.“– წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.