ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საჯაროდ გამოცხადება შედეგიანი იყო, რადგან გვარამია მას შემდგ “წკავწკავებს”.
„ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი განცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკის და პაექრობის ნაწილი იყო, რაც ჩემი პროფესიაა – ეს იყო შედეგიანი, რადგან მას შემდეგ გვარამია წკავწკავებს“, – თქვა წულუკიანმა.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს იმ პირობებში ცხოვრებაზე, რომელსაც გვარამია სთავაზობს.
“მე ამ პირობებში ცხოვრებაზე უარს ვამბობ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა, გვამია. ხოლო თუკი მე ვიტყვი, რომ ვინც არ შედის პარლამენტში გვამები ისინი არიან, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, გვარამია კვლავ, მორიგ ჯერზე აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია.
თუ ჩვენი ოჯახის წევრებს გალანძღავენ, ეს დასაშვებია, თუ ჩვენ მის მეუღლეს შევაქებთ და ვიტყვით, რომ ის მზეთუნახავია, გვარამია ისევ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია. მიაჩნია, რომ სტანდარტი უნდა მუშაობდეს ყველასთვის. თუ ისინი ამ რეჟიმში გააგრძელებენ ცხოვრებას, მე ჩემს გუნდთან ერთად ყოველთვის ვიქნები ფეიკ ნიუსების, სხვადასხვა ბულინგის წინააღმდეგ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს.