შედის თუ არა საქართველოს გავლით რუსეთში აკრძალული კომპონენტები, რომლითაც რუსეთის ომის მანქანა ძლიერდება – შეერთებული შტატების სენატში საქართველო რუსეთის მეზობელ იმ ქვეყნებს შორის დაასახელეს, საიდანაც შესაძლოა ამერიკული ტექნოლოგიები რუსეთში ხვდებოდეს.
როგორ და რატომ აძლიერებს ამერიკული ტექნოლოგიები რუსეთის ომის უკრაინაში – ამ სახელწოდებით საკომიტეტო მოსმენა შეერთებული შტატების სენატის უსაფრთხოების საქმეთა კომიტეტის მუდმივმოქმედ საგამოძიებო ქვეკომიტეტში გაიმართა.
სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა კოლეგებს უთხრა, რომ რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის დიდი ნაწილი სწორედ ამერიკული კომპანიების მიერ დამზადებული ტექნოლოგიებით მარაგდება:
”ამერიკაში წარმოებული კომპონენტები გამოიყენება იმ იარაღის საწარმოებლად, რომლითაც რუსეთი უკრაინაში იბრძვის. უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბოლომდე იბრძოლოს მამაცურად. სამი დღის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინაში. პრეზიდენტ ზელენსკიმ გადმომცა ფოლდერი. რომელიც შეიცავს მტკიცებულებებს, რომ ჩვენი ექსპორტის კონტროლის და სანქციების სისტემაში პრობლემებია. არის მტკიცებულებები, რომ 211 დასახელების ამერიკაში წარმებული მაღალტექნოლოგიური კომპონენტები, ჩიპები, ნახევარგამტარები და სხვა პროდუქტები გამოიყენება უკრაინელების მოსაკლავად ბრძოლის ველზე. ამ 211 კომპონენტიდან 87 დამზადებულია 4 ამერიკული კომპანიის მიერ. თუმცა ეს ოთხი უბრალოდ ლიდერები არიან ამერიკული ტექნოლოგიებით რუსული ომის მანქანის მომარაგების საქმეში. სიმართლე ის არის, რომ უამრავი ამერიკული კომპონენტი ნაპოვნია უკრაინაში ბრძოლის ველზე, რუსულ შეიარაღებაში. ამერიკელი მწარმოებლები მზარდად ამარაგებენ რუსულ ომის მანქანას. ისინი გამოიყენება რაკეტებში, დრონებში, საბრძოლო მასალებში და სხვადასხვა იარაღში. რუსები ეყრდნობიან ამერიკულ ტექნოლოგიებს. ფაქტია, რომ ჩვენი ექსპორტის კონტროლის და სანქციების დაცვის სისტემა არაეფექტურია. ”- განაცხადა რიჩარდ ბლუმენთალმა.
სენატორის აზრით რუსეთი ამ ტექნოლოგიებს მეზობელი ქვეყნებიდან იღებს, რომლებიც თავის მხრივ, ამერიკიდან მათ იმპორტს ლეგალურად ახორციელებენ. ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთისთვის ამერიკული ტექნოლოგიების მიწოდებაშია ეჭვმიტანილი, საქართველოც დასახელდა.
”უნდა გავარკვიოთ, როგორ შედის ეს პროდუქტები რუსეთში ექსპორტის კონტროლის გარეშე. და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შევაჩეროთ.
ეს ხდება რუსეთის მეზობელი ქვეყნების გავლით, რომლებიც გამოყენებულნი არიან შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლის გვერდის ასავლელად.
23.36 ასტრონომიულად გაიზარდა ექსპორტი ყაზახეთში ამ ოთხი კომპანიიდან – ათასჯერ გაიზარდა 2021 წელთან შედარებით 2022 წელს. იგივენაირად გაიზარდა ექსპორტი საქართველოში. 32 –ჯერ გაიზარდა ექსპორტი სომხეთში, 28–ჯერ გაიზარდა ექსპორტი თურქეთში, თითქმის გაორმაგდა ფინეთში. ეს ზრდა უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყნების გარდა რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნებიც , მათ შორის ჩინეთიც მონაწილეობენ ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლაში. და იმედი მაქვს ეს მოსმენა დაგვეხმარება უკეთ მივხვდეთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ აღვკვეთოთ ტექნოლოგიების შესვლა რუსეთში”. – განაცხადა სენატორმა
რუსეთის ამერიკული კომპონენტებით მომმარაგებლებს შორის საქართველო დაასახელა სენატორმა რონ ჯონსონმაც. მისი თქმით, ამერიკელი მწარმოებლები არ არღვევენ ქვეყნის ექსპორტის კონტროლის წესებს, რადგან რუსეთში ამერიკული ტექნოლოგიები არა პირდაპირ, არამედ მესამე ქვეყნების გავლით ხვდება:
”ვლადიმერ პუტინი ბოროტი ომის დამნაშავეა. დღეს საშინელი რეალობის წინაშე ვართ. ათასობით ადამიანი იღუპება უკრაინაში, ქვეყანა ინგრევა, ეკონომიკა ინგრევა. ყოველი დღე, როცა ომი გრძელდება, მეტ ნგრავას და ტრაგედიას იწვევს.
დღევანდელი მოსმენა ხაზს გაუსვამს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ ერთ წარუმატებლობას. ექსპორტზე დაწესებული კონტროლის მიუხედავად, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში ბევრი დასავლური ქვეყნის კომპონენტია – 70%-ზე მეტი. სიცხადისთვის, ჩვენ არ გვაქვს რამე მტკიცებულება, რომ სამხედრო კომპონენტების აშშ-ს ექსპორტის კონტროლს არღვევენ. სამაგიეროდ, წინასწარი ინფორმაციით, ჩანს, რომ არასანქცირებული ქვეყნები, სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი, აშშ-დან კომპონენტების იმპორტს ლეგალურად ახდენენ და შემდეგ, პირდაპირ ან ირიბად ახორციელებენ მათ ექსპორტს რუსეთში. “ – განაცხადა სენატორმა რონ ჯონსონმა.
დღევანდელ სხდომაზე სენატორები იმ ზომებზე მსჯელობდნენ, რომელთა გატარება საჭიროა რუსული ომის მანქანის ამერიკული ტექნოლოგიებით მომარაგების აღსაკვეთად. სენატორები ამბობენ, რომ მათ ბევრი შეკითხვა აქვთ ტექნოლოგიურ კომპანიებთანაც და ბაიდენის ადმინისტრაციასთანაც, რომელმაც მათი აზრით დამატებითი სანქციები უნდა შემოიღოს.