შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის გაჩენის შესახებ შეტყობინება გვიან ღამით შემოვიდა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, ადგილზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა შესაბამისი დანაყოფები.
არსებობდა ცეცხლის სხვა არეალზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის.
სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლიბერთი ბანკის შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რაშიც გამოყენებული იყო შედუღების აპარატი. სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვიეს აალება, რომელიც სხვა სართულებზეც გავრცელდა.
სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს.
მუშაობენ ყველა შესაძლო ხანძრის გამომწვევ სხვა ვერსიაზე.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დანიშნულია ექსპერტიზა.” – წერია უწყების განცხადებაში.















