აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისრაელი და ჰამასი შუამავლების მეშვეობით აწარმოებენ მოლაპარაკებებს 50 ისრაელელი მძევლის, ძირითადად ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებაზე, ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ.
ეს მოლაპარაკებები კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარეობს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევასთან. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და საბოლოო დადასტურება მოსაპოვებელი, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ“, – ციტირებს Reuters ანონიმური ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებას.
მისი თქმით, მხარეები უკვე შეთანხმდნენ, პირობითად, მაგრამ ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლება, სანამ ყველაფერი შეთანხმებული არ არის.
ეთანხმება, როგორც Reuters წერს, ასევე ითვალისწინებს საომარი მოქმედებების შეჩერებას ოთხიდან ხუთ დღემდე. სხვა ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველ დღე რამდენიმე საათიანი პაუზების გამოცხადება იგეგმება.
მანამდე, დღეს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც შუამავალი ქვეყანაა ისრაელსა და ჰამასს შორის, თქვა, რომ მოლაპარაკებები ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე”კრიტიკულ და საბოლოო ეტაპზე” გადავიდა, იტყობინება AFP.
„ჩვენ ყველაზე ახლოს ვართ შეთანხმების მიღწევასთან, ასე ახლოს არასდროს მივსულვართ“, – თქვა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ალ-ანსარიმ.
BBC დღეს წერდა, რომ ნებისმიერი შეთანხმება მძევლების გათავისუფლებაზე, სავარაუდოდ, მათ ჯგუფებად გათავისუფლებას გულისხმობს .
ბიბისის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი, ტომ ბეითმანი ამბობს, რომ მძევლების გათავისუფლების შეთანხმება როგორც ჩანს იმდენად ახლოსაა, რომ ამის შესახებ უკვე აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც გამოაცხადა.
ამ ბოლო დროს მართლაც იყო პოზიტიური სიგნალები, მაგალითად,ვაშინგტონში ისრაელის ელჩის მაიკლ ჰერცოგის მხრიდან, რომელიც ბაიდენს ესაუბრებოდა. კატარელები ასევე ამბობენ, რომ გარიგება თითქმის მზადაა, მცირე დეტალების გამოკლებით.
ბიბისი–ს კორესპონდენტი დაახლოებით ორი კვირის წინ ესაუბრა მოლაპარაკებებთან დაახლოებულ ფიგურას, რომელმაც თქვა, ორივე მხარე განიხილავს მძევლების ეტაპობრივი გათავისუფლების შესაძლებლობას.
ანუ თავიდან მძევლების მცირე რაოდენობას გაათავისუფლებდნენ და ცეცხლის შეწყვეტას გამოაცხადებდნენ.თუ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდებოდა, კიდევ გარკვეული რაოდენობის მძევალი შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ.
ბიბისის კორესპონდენტიც ვარაუდობს, რომ პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ისრაელის ციხეებიდან ზოგიერთი პალესტინელი პატიმრის, სავარაუდოდ ქალებისა და არასრულწლოვნების გათავისუფლებას.
ჰამასმა ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი მძევალი გაათავისუფლა, ისინი ორ ჯგუფად გაათავისუფლეს.
ახლა საჭირო იქნება მრავალი ლოგისტიკური დეტალის დამუშავება, მით უმეტეს, რომ ღაზაში ბრძოლები ახლა უფრო ინტენსიურია, ვიდრე საწყის პერიოდში.