უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 წლისთავზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ 500 ახალი სანქცია შემოიღო
ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერზე პრეზიდენტ ბაიდენის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. სანქციები ემთხვევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავს და ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას.
„დღეს მე ვაცხადებ 500-ზე მეტ ახალ სანქციას რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში მიმდინარე დაპყრობითი ომისთვის და ალექსეი ნავალნის სიკვდილისთვის, რომელიც იყო მამაცი ანტიკორუფციონერი აქტივისტი და პუტინის ოპოზიციის ყველაზე მკაფიო ლიდერი. ეს სანქციები გამიზნული იქნება იმ პირებისთვის, ვინც დაკავშირებულნი არიან ნავალნის პატიმრობასთან, ასევე რუსეთის ფინანსური და სამხედრო–სამრეწველო სექტორის წინააღმდეგ. შესყიდვების ქსელის და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობენ რამდენიმე კონტინენტზე“–ნათქვამია განცხადებაში.
ბაიდენმა დასძინა, რომ ”პუტინი კიდევ უფრო მეტ ფასს გადაიხდის მის აგრესისთვის საზღვარგარეთ და რეპრესიებისთვის ქვეყნის შიგნით. გარდა ამისა, შეერთებული შტატები დააწესებს ახალ საექსპორტო შეზღუდვებს თითქმის 100 ორგანიზაციაზე, რომლებიც მხარს უჭერენ “რუსულ სამხედრო მანქანას”. ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი გუნდი იღებს ზომებს რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლების კიდევ უფრო შესამცირებლად.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი, მათ შორის რუსული მედიის მხარდაჭერას.