შევედით პიკში, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო კორონავირუსის პიკში შედის და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, არ იცის.

„ბოლო პერიოდში ჩვენ გადავცილდით 4000 ახალ მაჩვენებელს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევედით პიკში. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა ეს დამოკიდებული იყო სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობები დასვენების და სადღესასწაულო დღეებში ეცემა. ბოლო დღეებში აღებული როგორც „პისიარის“, ასევე ანტიგენის ტესტების რაოდენობა გვქონდა დაახლოებით 8000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში გვაქვს 13000-ის ფარგლებში. ამიტომ, დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა 3128, გთხოვთ, ნუ დაგვამშვიდებს იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება. ეს პიკი რამდენხანს გაგრძელდება არ ვიცით”,- თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, რამოდენიმე ინსტიტუციაა, რომელიც პროგნოზირებაზე მუშაობს და მათზე დაყრდნობით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება ახალ შემთხვევათა და სიკვდილიანობის ზრდა, შესაბამისად, აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გააფართოოს ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები.