შევთანხმდით, რომ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა – გახარია პომპეოზე

პრემიერი გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მათ პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

“ძირითადი თემები, რომლებიც იყო განხილული, პირველ რიგში, გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხი, რა თქმა უნდა, და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში და საქართველოს როლი რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის მთავრობისა და ხალხის სახელით ქართველ ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და, რაც მთავარია, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესის შემდგომ გაძლიერებას და ინსტიტუტების გაძლიერებას”,– ამბობს გახარია.

მისივე თქმით, პომპეოს ვიზიტით გამოჩნდა აშშ–სთან საქართველოს მნიშვნელობა.

“ჩვენ, საბოლოო ჯამში, შევთანხმდით იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო სტრატეგიული ინტერესები. ეს იყო უაღრესად მნიშვნელობანი ვიზიტი, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ წარმატებულ პოლიტიკას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების თვალსაზრისით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს”,– თქვა გახარიამ.