შევიქმენით ილუზია, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არ დაგვიმარცხებია! – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დაამარცხა, თუმცა ეს ასე არ არის.

“ქაღალდზე ბევრი რეგულაციაა. მთავარია, რომ ჩვენ მოვუწოდოთ მოსახლეობას, ნუ მოვეშვებით, ის რაც დადგენილია რეგულაცია, რომ ტაქსიში არ უნდა იჯდეს წინ ადამიანი, უნდა შეასრულოს ყველამ, რომ უნდა ჰქონდეთ ტაქსიში, მეტროში, ავტობუსში პირბადე. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კოვიდი, არ დაგვიმარცხებია და ხედავთ ახლა ტალღა ისევ ზემოთ იწევს, ამიტომ დროულად ეს ტალღა უნდა შევაჩეროთ, ისევ და ისევ იმ წესების დაცვით, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო ეუბნება მოსახლეობას”,– განაცხადა გამყრელიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გლობალურად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება.

“კორონავირუსის დამარცხებამდე ჯერ კიდევ შორს არის. ერთი ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს. ეს უნდა მოხდეს გლობალურად. გლობალურად და ჩვენ ირგვლივ ვითარება უარესდება. საქართველოში ვართ შედარებით უკეთესად და ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ შედარებით უკეთესი ეპიდსიიტუაცია შევინარჩუნოთ”,– თქვა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1049 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 903 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.