შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად კაფე–რესტორნების ნაწილი მუშაობას ვერ გააგრძელებს

1 ივნისიდან თბილისში ღია კაფეები იხსნება, 8 ივნისიდან კი მუშაობის უფლება ეძლევათ დახურულ ბარებსა და რესტორნებსაც, რომლებსაც ტერასა არ გააჩნიათ. თუმცა, მუშაობა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით არის ნებადართული:

ყველა რესტორანი თუ კაფე ვალდებულია, უზრუნველყოს მაგიდის წინასწარი დაჯავშნა, ორმეტრიანი დისტანცია დაიცვას მაგიდებს შორის და მომხმარებელს ერთჯერადი, ბეჭდური მენიუ შესთავაზოს.

კაფე–ბარების და რესტორნების მფლობელებს მაგიდების რაოდენობის შემცირება მოუწევთ, ხარჯების გაღება მოუწევთ უსაფრთხოების ზომებისთვისაც. ვირუსის გამო მოსახლეობის ნაწილი პირველ ეტაპზე მაინც კაფე–ბარებში სტუმრობისგან თავს შეიკავებს, გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი სტუმრების დიდ ნაწილს ტურისტები შეადგენდა, კვების და გართობის ობიექტებს ვიზიტორები ავტომატურად მოაკლდებათ.

ამ ფონზე მცირე ზომის კაფეების მფლობელები შიშობენ, რომ საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ. მათი ხარჯები თითქმის იგივე რჩება, ან იზრდება,  შემოსავლები კი მკვეთრად იკლებს.

ბევრ მათგანს ორთვიანმა გაჩერებამ იჯარის გაახდის პრობლემაც შეუქმნა. ასევე მძიმე ტვირთია კომუნალური გადასახადები თუ სასესხო ვალდებულებები.

სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ახალი რეგულაციების გამო პატარა ზომის კაფეები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და არ არის გამორიცხული,  უმრავლესობამ მუშაობის გაგრძელება ვეღარ მოახერხოს.

კვების ობიექტების დიდი ნაწილი შესაძლოა უბრალოდ  გაკოტრებულად გამოცხადდეს.