შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ 24 დეკემბერს ყველაფერი გაიხსნება, ინფიცირების მაჩვენელები გაიზრდება.

“ჩვენ მომხრე ვართ ძალიან მინიმალური შემსუბუქების, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს, რომ ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდოს, 24-ში თუ ყველაფერს გავხსნით, მობილობა გაიზრდება სერიოზულად, პირდაპირ გეტყვით, რომ გაგვეზრდება ისევ ინფიცირების მაჩვენებელი 5000-6000-ზე და მეტზე, შესაბამისად, პროცენტი იანგარიშეთ მერე, რამდენი ადამიანი მოხვდება ჰოსპიტალში და სამწუხაროდ, რამდენი შეიძლება დამძიმდეს…”,- ამბობს გამყრელიძე.

მისივე განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ აქვთ.

“მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების ფონზე გვაქვს სტაბილიზაცია ახალ შემთხვევათა რიცხვის და ოდნავი კლების დინამიკა, ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ შემთხვევების რიცხვი სერიოზულია, 3000-ზე ზემოთ არის, ამიტომ ინციდენტობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია ქვეყანაში. არავითარი საფუძველი, რომ დავმშვიდდეთ ან სერიოზულად ვიფიქროთ შეზღუდვების შემსუბუქებაზე, ამის საფუძველი დღესდღეობით არ გვაქვს…”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.