შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა ანტიდასავლურ ხასიათს იღებს – სალომე სამადაშვილი

”შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა ანტიდასავლურ ხასიათს იღებს”- სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებასა”  და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის წინააღმდეგ კამპანია მიმდინარეობს, რაც ანტიდასავლური კამპანიის სახეს იღებს. ამის შესახებ სამადაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ყველგან: ვაშინგტონში, ბრიუსელში მხარს უჭერენ ამ შეთანხმებას და მიაჩნიათ, რომ მისი განხორციელება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მომავლისთვის. არავის ეშინია კრიტიკული შეკითხვების შეთანხმებასთან დაკავშირებით და მზად ვართ, ყველა შეკითხვას ვუპასუხოთ იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. თუმცა, ამავე დროს, ამ შეთანხმების წინააღმდეგ პროპაგანდა უკვე იღებს ანტიდასავლურ ხასიათს ჩვენს ქვეყანაში. მე არ ვიცი, ვინ აწარმოებს ამ პროპაგანდას, მაგრამ ვხედავთ ამას შეთანხმების წინააღმდეგ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს იღებს ანტიდასავლური პროპაგანდის სახეს. კითხვები დავსვათ, ვიმსჯელოთ, შეიძლება, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს და საზოგადოებას აქვს უფლება, ეს პასუხები მიიღოს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ შეთანხმების წარმატება არის ჩვენი ქვეყნის წარმატება და ევროატლანტიკური მომავლის წარმატების გარანტია”. – თქვა მან.