შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს–გახარია

შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც, სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ პრემიერ მინისტრმა თქვა, ეს იქნება  ხაზი, რომლითაც მთავრობას  ექნება პირდაპირი კავშირი საქართველოს მოქალაქეებთან. გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ იქმნება მთავრობის ცხელი ხაზი.

„იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ეს არის გამოწვევა, რომლის პროგნოზიც დღეს არსებული მონაცემებით, ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ კვირაში, ან ორ კვირაში, ამიტომ, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

 ოპერატიული მართვის შტაბი კოორდინაციას და მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომლებმაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც გაუწევს კოორდინაციას და მომსახურეობას ყველა საწარმოს, სტრატეგიული მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.