შეიძლება დამნაშავეა სპირიდონი, ან სახალხო დამცველი, ყველას ექნება წილი – მეგრელიშვილი

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი ნინოწმინდის პანიონის თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა, რომ დამნაშავე შესაძლოა ყველა მხარე იყოს, თუმცა დისკუსია უფრო ღრმა არის.

“მინდა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე და მასთან დაკავშირებულ სკანდალზე გამოვთქვა აზრი. დღეს იცით, რომ ყველა დამნაშავეს ეძებს. და ვინ არის დამნაშავე?! შეიძლება დამნაშავეა სპირიდონი, შეიძლება დამნაშავეა მშობლები, ვინც ბავშვები მიაბარა, შეიძლება სახელმწიფო ან სახალხო დამცველი, ყველას ექნება თავისი წილი ბრალისა და დამსახურებისაც, რაც უსამართლოდ არის იგნორირებული, მაგრამ დისკუსია მგონი ბევრად უფრო ღრმა არის, ვიდრე დამნაშავის ძებნა”,- თქვა მან პარლამენტში.

მისი განცხადებით, პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ადამიანებს ვუყურებთ ჯგუფებად – ბავშვებად, ქალებად, ლგბტ თემის წარმომადგენლებად, ღარიბებად და შეძლებულებად და ა.შ.

“ბავშვთა უფლებები რას ნიშნავს? წინა მოწვევის პარლამენტმა თითქმის ერთპარტიულად მიიღო ბავშვთა უფლებათა კოდექსი. მაგალითად, წერია, რომ აკრძალულია ბავშვის მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონში ან კაფეში ღამის 22:00 საათის შემდეგ. ანუ, იაგო და სანდრო ვერ წაიყვანენ ჩემს შვილს ვერც ინტერნეტ სალონში, ვერც კინოში და ამისთვის 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ამ ქვეყანაში უფრო მეტია ისეთი ოჯახი, ვისაც ბავშვის აყვანა და გაზრდა უნდა, ხოლო სახელმწიფო შუაში დგას იმ ადამიანებს შორის, ვინც ვერ უვლის თავის შვილებს და ვისაც უნდა მათი აყვანა”,- თქვა მეგრელიშვილმა.