დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 1 ადამიანი კორონავირუსით 2-ჯერ დაინფიცირდეს.
მისი თქმით, ჩინეთში ასეთი შემთხვევები იყო, თუმცა იშვითად.
„ამბობენ, რომ ჩინეთში ამისი შემთხვევები იყო აღწერილი. ამის ცნობები გამოქვეყნდა. დაველოდოთ ლიტერატურას. წითელა შეიძლება ადამიანს მეორეჯერ დაემართოს, თუმცა, ეს არის უკიდურესად იშვიათად, ასე რომ, covid-ზე სულ არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. რამდენად ხშირი იქნება ეს? – არ მგონია, ყველას მეორეჯერ დაემართოს, მაგრამ ვიღაც შეიძლება იყოს ვისაც მეორეჯერ დაემართება,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.
მან ფულიდან ვირუსის გადადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ არ არსებობს მეცნიერიული მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ფულით გადადის, თუმცა როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება.
,,ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს, ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა ეს ვერსიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. თუმცა, ფულიც, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის შესაძლოა იყოს ინფიცირების წყარო. თუმცა მე ისიც ვიცი, რომ როდესაც ბანკში შედის ფული, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ანუ, ის მუშავდება სადეზინფექცო აპარატებით“- განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსი ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფულთან ჰქონდათ შეხება.