შეიძლება, მთავრობამ წააქეზა, ვიღაცამ უთხრა, ასე მოიქცეს – ივერი მელაშვილი თავდასხმაზე

ივერი მელაშვილი გუშინ “ალტა-ოქეის” მაღაზიაში მასზე თავდასხმასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხმიანება. კარტოგრაფის აზრით, შესაძლოა მამაკაცი მთავრობამ წააქეზა.

“ვფიქრობ, რომ ხელოვნურია, უბრალოდ ან ვიღაცამ უთხრა, რომ ასე მოიქცეს და რაღაც პროვოკაციური ქმედება განახორციელოს, შეიძლება მთავრობის წაქეზებით არის გაკეთებული ეს ყველაფერი. ცხოვრების დიდი ნაწილი იღწვი, მოღვაწეობ იმისათვის, რომ პირიქით, ეს პრობლემა საქართველოს სასიკეთოდ იქნეს გადაწყვეტილი, და არამარტო ეს, და ამ დროს ვიღაცა რომ უტიფრად გაბრალებს აბსოლუტურად საწინააღმდეგოს”, – ამბობს მელაშვილი მთავარის ეთერში.

ივერი მელაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა “ალტა-ოქეის” მაღაზიაში ბაქარ ადამიამ მიაყენა. ის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელია. დაპირისპირებისას მაღაზიის თანამშრომლებს თხოვენ, დაცვა გამოიძახონ, თუმცა მათ ამაზე რეაგირება არ მოახდინეს.