შეიძლება, ოპერაცია საჭირო არც იყოს, ისე დადგეს ფატალური შედეგი – ადვოკატი სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი პასუხობს მთავრობის წევრების პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაიყვანენ, თუ მას ოპერაცია დასჭირდება.

საძაგლიშვილის თქმით, შესაძლოა, ფატალური შედეგი ისე დადგეს, რომ ოპერაცია საჭირო არ გახდეს.

“ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როცა ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა და ამ ჩარევის რესურსი მე-12 დაწესებულებაში არ არსებობს.

დაადგინეს კრიტერიუმები, რას უნდა აკმაყოფილებდეს ის კლინიკა, სადაც უნდა მოთავსდეს მიხეილ სააკაშვილი. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ ასრულებს მის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციებს და სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ, ახლა საუბარი იყო იმაზე, რომ თუკი ოპერაცია იქნება საჭირო, ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია, ოპერაციის საჭიროება შეიძლება საერთოდ არ დადგეს შიმშილობის პერიოდში, ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს წირავს.