პატრიოტთა ალიანსის პარტიული სიის მე–5, მე–7 და მე–8 ნომრებს პარლამენტისთვის მანდატის გაუქმების თაობაზე ჯერჯერობით არ მიუმართავთ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევთ, ადგილომონაცვლეობის პრინციპით, პარლამენტში მოხვდნენ.
არჩევნების შედეგების მიხედვით, პატრიოტთა ალიანსიდან პარლამენტში 4 ადამიანი მოხვდა. პირველმა სამმა დეპუტატმა: ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატზე უარი თქვეს. სიის მე–4 ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის.
სიის მე–8 ნომერი დავით ზილფიმიანი ტვ პირველთან საუბრისას ამბობს, რომ შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში ისიც შევიდეს.
“მე ვთვლი, რომ პარლამენტში ადამიანები უნდა შევიდნენ თავისი მრწამსიდან გამომდინარე. შეიძლება შევიდე, შეიძლება არ შევიდე. მე ხომ პოლიტიკოსი არა ვარ კაცო და არც არასდროს ვყოფილვარ. რა რაუნდები?! მე სხვა მოსაზრებებით ვსარგებლობ, ვხელმძღვანელობ აბსოლუტურად სხვა მოსაზრებებით”, – განაცხადა ზილფიმიანმა.
ცნობისთვის, ხვალ, 4 იანვარს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის“ წევრების: ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიას და გოჩა თევდორაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შემდეგ, მათ ადგილმონაცვლეებს პარლამენტში შესვლა შეეძლებათ.