ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ შესაძლოა მთავრობას შეზღუდვების აღდგენა დასჭირდეს.
“ჩვენ ძალიან ნათელი კრიტერიუმი გვაქვს [დადებითობის მაჩვენებელი], რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მოკლე დისტანციაზე მივიღოთ გადაწყვეტილება, მე იმედი მაქვს, არ დაგვჭირდება, მაგრამ შეიძლება ისევ დაგვჭირდეს გადაწყვეტილების გადახედვა, რაღაც შეზღუდვის კვლავ აღდგენა, ამას ყველანი ერთად დავინახავთ…
ჩვენ ვერიდებით პროგნოზების და გარანტიების მიცემას, არავინ იცის, ეს არის საბოლოოდ გახსნა თუ არა, თუმცა, რამდენიმე დამაიმედებელი ფაქტორი არის სახეზე – საზოგადოებამ ისწავლა პირბადის ხმარება და მაჩვენებელი ყოველდღე იზრდება… იგივე ის მაკონტროლებელი ზომები, რასაც ჩვენ ვამკაცრებთ”,– ამბობს თურნავა პოსტვ–ს ეთერში.
ის რესტორატორთა პროტესტსაც გამოემაურა და თქვა, რომ სოლიდური რესტორნები ამაში არ მონაწილეობენ.
“მიუხედავად იმისა, რომ ახლა წინა პლანზე გამოვიდა სარესტორნე ინდუსტრიის პროტესტი, სოლიდური, სერიოზული რესტორატორები ამ პროტესტში დიდად არ მონაწილეობენ. იმიტომ, რომ ზოგადად ტურიზმის ინდუსტრია – სასტუმრო, რესტორნები, ეს არის კანონმორჩილი, მშვიდობიანი ინდუსტრია”,– თქვა მინისტრმა.