1920–1990 წლებში ათასობით ბავშვი გარდაიცვალა ირლანდიის მარტოხელა დედების და მათი ბავშვებისთვის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ თავშესაფრებში. ამის შესახებ სპეციალურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც თავშესაფრებში მცხოვრები 56 ათასი ქალის ბედს ეხება.
გამოძიება ირლანდიის ხელისუფლების განკარგულებით ჩატარდა. ანგარიშში აღწერილია 18 მსგავსი თავშესაფარი, სადაც ფეხმძიმე გაუთხოვარი გოგოები მიდიოდნენ. გამოძიების თანახმად თავშესაფრებში დაახლოებით 9 ათასი ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც წესი, ასეთ დაწესებულებებს მონაზვნები და კათოლიკე მღვდლები მართავდნენ. ბოლო ასეთი თავშესაფრები 1998 წელს დახურეს. მათ სახელმწიფო აფინანსებდა. ზოგჯერ ბავშვები იქიდან სხვადასხვა ოჯახებში დედების თანხმობის გარეშე ხვდებოდნენ. ბევრი შვილად ამერიკელებს აჰყავდათ.
გამოძიების შედეგების მიხედვით დიდწილად პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ გაუთხოვარი გოგოები თავშესაფრებში ხვდებოდნენ, მათ ოჯახებს ეკისრება. თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ მათ მიმართ დამოკიდებულების ფორმირება სახელმწიფოს და ეკლესიის ინსტიტუტების გავლენით ხდებოდა.
“როგორც ჩანს, ისინი პრაქტიკულად ვერ იღებდნენ ადამიანურ სითბოს, და ეს განსაკუთრებით ცხადი იყო მათი მშობიარობის დროს“– ნათქვამია ანგარიშში.
აქვე მოყვანილია ანონიმური ჩვენებები, რომელთა მიხედვით მშობიარეებს ხშირად აყენებდნენ შეურაცხყოფას, ამცირებდნენ და ცემდნენ. ზოგიერთ თავშესაფარში მონაზვნები მათ ცოდვილებს და სატანის ნაშიერებს უწოდებდნენ. ზოგიერთი დედა, რომლებიც გაუპატიურების და ინცესტის მსხვერპლნი გადნენ, 13 წლისაც არ იყო.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ თავშესაფრებში დაბადებული ბავშვების სიკვდილიანობა ოფიციალურ მაჩვენებელს პრაქტიკულად ხუთჯერ აღემატებოდა. 1960–იან წლებში მათ გადარჩენას არავინ ცდილობდა, გადარჩენის შანსი კი ასეთ ბავშვებს ბევრად დაბალი ქონდათ, ვიდრე ჩვეულებრივ ოჯახში დაბადებულ ბავშვებს. კონკრეტულად რა იყო მათი სიკვდილის მიზეზი ანგარიშში არ არის ნათქვამი.
გაირკვა ასევე, რომ ბავშვებს 1943–1973 წლებში ახალი ვაქცინების ტესტირებისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ ასეთი თავშესაფრის ერთ–ერთმა ყოფილმა ბინადარმა უამბო გამოძიებას. 1961 წელს ის ფილადელფიელმა ოჯახმა იშვილა.
ხელისუფლება და ეკლესია ბოდიშს იხდის
ირლანდიის პრემიერ მინისტრი, მიკალ მარტინი ამბობს, რომ მომხდარში მთელი საზოგადოებაა დამნაშავე.
“ჩვენ ეს საკუთარ თავს გავუკეთეთ, ძალიან ძალიან ცუდად მოვექეცით ამ ქალებს“– თქვა მან და ბოდიში მოიხადა სახელმწიფოს სახელით. პრემიერი აღნიშნავს, რომ ანგარიშმა გამოავლინა თანაგრძნობის, გაგების და თანადგომის არარსებობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
“ანგარიშიდან ნათელი ხდება, რომ ათწლეულობის მანძილზე ირლანდიაში არსებობდა შემზარავი, დესპოტური და ქალთმოძულე კულტურა რომელიც მასობრივად ახდენდა გაუთხოვარი დედების და მათი ბავშვების სტიგმატიზებას, ამ ადამიანებს მოქმედების თავისუფლებას და ხშირად მომავალსაც უზუდავდა“– განაცხადა ბავშვთა საქმეების მინისტრმა როდერიკ ო` გორმანმა.
ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ბოდიში მოუხადა დაზარალებულებს და მხარი დაუჭირა იმის გარკვევის მცდელობას, რა ხდებოდა თავშესაფრებში წლების მანძილზე.
ანგარიშში არაფერია ნათქვამი ფინანსებზე, თუმცა ირლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ გარკვეული ჯგუფები კომპენსაციას მიიღებენ. ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც ბავშვების ცხედრების ეგსგუმაციის საშუალებას მისცემს, დედები კი მიიღებენ წვდომას მათი გაშვილებული ბავშვების შესახებ ინფორმაციაზე.
გამოძიება ექვსი წლის წინ დაიწყო, როცა დედათა და ბავშვთა ერთ–ერთი ყოფილი თავშესაფრის ტერიტორიაზე თითქმის 800 ბავშვის ცხედრის ნარჩენები აღმოაჩინეს. ბავშვების ასაკი ორი დღიდან ცხრა წლამდე იყო.
კომისიამ, რომელიც გამოძიებას ატარებდა დაადგინა, რომ თავშესაფრებში დაბადებული ბავშვების 15% გარდაიცვალა.