“შემზარავი მუტაცია“– რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი ვარიანტი და რა ვიცით მის შესახებ

მთელი მსოფლიოს მეცნიერები, ჯანმო და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამოჩენით შეშფოთებულნი არიან.

ჯანმომ პარასკევს საგანგებო სხდომაზე ახალი ვარიანტის კლასიფიკაფია განსაზღვრა, როგორც “შემაშფოთებელი“ და მას  სახელი – “ომიკრონი“ მიანიჭა.

ბოლო დრომდე ამ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ პროვინციაში იყო დაფიქსირებული, თუმცა ბოლო დღეღამის განმავლობაში თითო დაინფიცირებული აღმოაჩინეს ჰონკონგში და ისრაელში, ასევე ბელგიაში. სპეციალისტები შიშობენ, რომ ახალი ვარიანტი მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდება.

ამჟამად დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი ვარიანტით დაინფიცირების 100–მდე შემთხვევა, რომელთაგან დიდი ნაწილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინცია გუატენგშია, ერთეული შემხთვევები კი მსოფლიოს რამდენიმე სხვა ქვეყანაში.

ჰონკონგში აღმოჩენილ შემთხვევას პირდაპირ უკავშირებენ სამხრეთ აფრიკიდან ჩამოფრენილ ინფიცირებულს.

სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები მათ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამბობენ, რომ ახალი ვარიანტი სავარაუდოდ უკვე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

დიდ ბრიტანეთში უკვე გააუქმეს ავიამიმოსვლა ექვს აფრიკულ ქვეყანასთან. ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა კი აფრიკის ქვეყნების უმრავლესობასთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ პარასკევს გამოაცხადა.

მეცნიერები ახალი ვარიანტის მუტაციების რაოდენობას შემზარავს უწოდებენ. კორონავირუსის არცერთ წინა ვარიანტს ასეთი ინტენსიური მუტაცია არ  განუცდია.

ყველაზე მთავარი კითხვა ახლა ის არის, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ვარიანტი  B.1.1.529

რა არის ცნობილი ახალი ვარიანტის შესახებ

მეცნიერების თქმით ის ყველა წინა ვარიანტისგან ძლიერ განსხვავდება.

“ამ ვარიანტმა გაგვაოცა. მან დიდი ევოლუციური ნახტომი განახორციელა და დაახლოებით 50 მუტაცია გაიარა“– თქვა პრესკონფერენციაზე სამხრეთ აფრიკის ეპიდემიოლოგიური რეაგირების ცენტრის პროფესორმა ტულიო დე ოლივიერამ.

50–დან 30 მუტაცია შეეხო ეგრეთწოდებულ სპაიკ– პროტეინს– ვირუსის გარსზე არსებულ ეკლებს, რომელიც ფორმით მზის დისკოს გავს და რომელთა დახმარებით ვირუსი ადამიანის უჯრედში აღწევს.

მეცნიერების თქმით ეს ახალი ვარიანტის ყველაზე საგანგაშო თავისებურებაა, რადგან ვაქცინების უმეტესობა სწორედ ამ ეკლების ნეიტრალიზაციაზე მუშაობს.  ვირუსის მეორე ნაწილმა, რომელიც ორგანიზმთან კონტაქტში მას შემდეგ შედის, რაც სპაიკ–პროტეინმა უჯრედში გზა უკვე გაუკვალა, ახალ ვარიანტში ათჯერ განიცადა მუტაცია.  შედარებისთვის: დელტა ვარიანტში ვირუსის ამ სეგმენტმა მხოლოდ ორი მუტაცია განიცადა.

მეცნიერების აზრით მუტაციების დონის პროვოცირება შესაძლოა დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტის ორგანიზმში მოხდა, რომელმაც ვირუსის დამარცხება ვერ შეძლო.

რით შეიძლება იყოს საშიში ახალი ვარიანტი

მართალია ინტენსიური მუტაცია არ ნიშნავს, რომ ის ადამიანისთვის აუცილებლად საშიშია, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმ ვირუსისგან, რომელიც ვუჰანში გაჩნდა და რომელმაც პანდემია გამოიწვია.

ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროისთვის შექმნილი ვაქცინები შეიძლება  B.1.1.529.–ის წინააღმდეგ არასაკმარისად ეფექტურები აღმოჩნდნენ.

კერძოდ, ზოგიერთი მუტაცია იწვევს იმას, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებულ ანტისხეულებს უწინდებურად მარტივად აღარ შეუძლიათ ვირუსის ამოცნობა. მუტაცია კი, რომელიც ცნობილია, როგორც  N501Y, ვირუსს უფრო გადამდებს ხდის, და ყოველი ახალი გარდასახვა ინფექციის გავრელების მაშტაბს ზრდის.

მეცნიერებს სწორედ იმის ეშინიათ, რომ ვირუსს გავრცელების უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს. გარდა ამისა, ვირუსის ახალმა ვარიანტმა როგორც ჩანს ისწავლა ადამიანის იმუნური სისტემის ზოგიერთი მექანიზმისთვის გვერდის ავლა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვირუსს ადვილად ამოიცნობენ ხოლმე.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოიქცევა კორონავირუსის ახალი ვარიანტი იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის პროცენტი მაღალია.

ასევე უცნობია, რამდენად უფრო მსუბუქად ან მძიმედ მიმდინარეობს ახალი ვარიანტით გამოწვეული დაავადება დელტა ვარიანტთან შედარებით.

ჯერჯერობით მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. ჯანმო კი ქვეყნებს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომების გაძლიერებისკენ მოუწოდებს და რეგულარულად აკონტროლებს  ომიკრონის–ის გავრცელების სტატისტიკას.