ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კორონავირუსის შემთხვევების დაბალ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ დღესასწაულების პერიოდში ტესტირებაზე ცოტა ადამიანი მივიდა.
“ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვაქვს არა ჭეშმარიტი კლების საფუძველზე, არამედ, იმის გამო, რომ დღესასწაულების პერიოდში, ძალიან ცოტა ადამიანი მივიდოდა ტესტირებისთვის და გადაავადებდა ამას ხვალამდე.
ვფიქრობ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში გარკვეული მატება გვექნება, არა იმის გამო, რომ რეალურად მატებაა, არამედ იმიტომ, რომ მეტი შემთხვევა გამოვლინდება. ტესტირების შედეგად დადებითობის მაჩვენებელი კვლავაც რჩება 11%-ის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი შემცირდეს 5%-მდე და ჩამოვიდეს დაბლა. სწორედ ამის შემდეგ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს და იმის შანსი, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მივიღებთ ახალ პიკს, იქნება ნაკლები. ამდენად, მომდევნო კვირის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტი იქნება გაფართოებულ ტესტირებაზე. ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევები მოიმატებს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 2 795 ტესტით კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2469 ადამიანი, ხოლო 31 – გარდაიცვალა.