“შემთხვევით, ხომ არ მომკლავდით?” – შსს-სთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

შემთხვევით, ხომ არ მომკლავდით? – ამ სახელწოდებით დღეს, “გირჩი მეტი თავისუფლება” შსს-სთან საპროტესტო აქციას გამართავს. ახალგაზრდები რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ.

“მონურ მორჩილებაში მყოფი საპოლიციო სისტემისა და არაადამიანური ნარკოპოლიტიკის სიმბიოზმა ადამიანი მოკლა. მნიშვნელობა აქვს პოლიციელს “გაუვარდა” თუ განზრახ ისროლა?
რომ არა მხეცური ნარკოპოლიტიკა, ზურაბ გველესიანი ცოცხალი იქნებოდა. რომ არა სისტემის უსაზღვრო მორჩილება, ზურაბ გველესიანი ცოცხალი იქნებოდა. ვისაც გაწუხებთ, ვისაც შეგეხოთ და ვინც თვლით, რომ ეს სისტემა ყველას მტერია, ხვალ , 13:30 საათზე გელოდებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.  დღეს გაჩუმება – პოტენციურ ტრაგედიებში თანამონაწილეობაა”-ნათქვამია განცხადებაში.

აქცია  წყნეთში, 30 წლის ზურაბ გველესიანის მკვლელობის შემდეგ დაიგეგმა.

ცნობისთვის, ზურაბ გველესიანი დაკავების დროს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, პოლიციელმა კი მისი შებოჭვა სცადა, ამ დროს კი მას იარაღიდან “გაუვარდა”, რასაც ზურაბ გველესიანი ემსხვერპლა.