შენარჩუნებულია პატიმრების სრული გაშიშვლებისა და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში  სადაც პენიტენციურ სისტემაში არსებულ პრობლემებზეა საუბარი, ნათქვამია, რომ დაწესებულების უმთავრესი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

“არასათანადო მოპყრობის შემთხვევები გამოვლინდა პენიტენციურ, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სფეროებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. არასათანადო მოპყრობას უტოლდება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული საცხოვრებელი და სამედიცინო პირობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ფარგლებში, 2021 წელს ცნობილი გახდა არასათანადო მოპყრობის, დაკავებულის დამცირებისა და ღირსების შემლახავი მოქმედებები. თავდაცვის სფეროში გრძელდებოდა სამხედრო მოსამსახურეების არაფორმალური და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა, გამოვლინდა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, რომლებიც ცნობილი იყო გენერალური ინსპექციისთვის, თუმცა, სახალხო დამცველის ოფიციალურ მიმართვამდე საქმე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ გადაუგზავნია”, – თქვა ომბუდსმენმა.