პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფის “ალტ ინფოს” ერთ-ერთი წარმომადგენელი, გურამ ფალავანდიშვილი, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ერთ-ერთ წევრს, დავით ქაცარავას საჯაროდ უხდის ბოდიშს, 9 მარტის ღამეს მომხდარი ინციდენტის გამო.
”დავით ქაცარავას
დავით მე და შენ ვიცნობთ ერთმანეთს.
ჩემს გადაცემაშიც მომიწვევიხარ პალიტრა ნიუსის ეთერში.
მინდა საჯაროდ დაგიდასატურო, რომ ე.წ. ბარიკადების მეორე მხარეს მდგომთა რიგებიდან, შენ ჩემთვის ერთ ერთი იმათგანი ხარ, რომლის ღირსებასაც ვაფასებ და როგორ მტრობაშიც არ უნდა მოვხვდეთ ერთმანეთთან, ყოველთვის დიდად დავაფასებ.
ხვდები ალბათ და საზოგადოებამაც რომ იცოდეს, ეს ეხება შენი, იმედის ტელევიზიიდან, როგორც ჟურნალისტის, მხოლოდ იმ მოტივით დათხოვნას, რომ შენ არ იკადრე პირდაპირ ეთერში, გეი ქორწინება მიგელოცა ელტონ ჯონისთვის.
და ასევე დიდად ვაფასებ შენ პირად ხელმოწერასაც იმ ქაღალდზე, სადაც ჩვენ, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას ვითხოვდით.
დავით, ამჟამად ჩემი შვილი მუშაობს ჟურნალისტად ალტ ინფოში და რა თქმა უნდა, მეც მათი მხარდამჭერი ვარ, ჩათვალე ერთ ერთი ალტინფოელი ვარ.
ახლა რაც შეეხება ამ ინცინდენტს.
მე იმ დროს იქ არ ვყოფილვარ და ვერც შესაბამისი კადრები ვერ ვნახე, ბიჭები კი ამბობენ, შენი ცოლშვილისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებიაო.
მე კი არ მახსოვს პირადად სხვა ისეთი შემთხვევა, რომ ალტინფოელს ქალისთვის ან ბავშვისთვის შერაცხყოფა მიეყენებინოს.
თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ დაიჩემებს, რომ როდესაც ბევრი ხალხია ერთად შეკრებილი, რა საზოგადოებაც არ უნდა იყოს, რომ იქიდან არასდროს არავინ არ ჩაიდენს უღირს საქციელს.
ამიტომ მე, როგორც რიგითი ალტინფოელი, ასაკიც მაქვს, ცნობადობაც და ალბათ ჩემ სიტყვასაც ჩვენ წრეში რაღაც ფასი აქვს, ყველა იმ ადამიანის მაგივრად გიხდი დიდ ბოდიშს, თუ ვინმემ შენ ცოლშვილს, თუნდაც სულ მცირედითაც კი რაიმე შეურაცხყოფა მიაყენა, ან რაიმეთი შეაშინა.
მესმის დავით, შეიძლება შენ ეს ბოდიში დაგვიანებულად ჩათვალო, რადგან როგორც მახსოვს ბოდიშს პირველ ეტაპზე ითხოვდი, მაგრამ იქნებ მაინც, ახლაც მიიღო.
რაც შეეხება იმას, რომ ამ წუთას შენი ცოლშვილი ჩვენგან ფიზიკურად დასაცავია და რაიმე საფრთხე ემუქრება, იმედია ამას სერიოზულად არ უყურებ, რადგან, რა თქმა უნდა, არანაირი, იოტისოდენა შანსიც არ არსებობს ამის.
ასევე მინდა დაგარწმუნო დავით, რომ შენ, თუ ამ ჩემ მდაბალ და მთელი გულით და სულით ნათქვამ ბოდიშს მაინც არ მიიღებ და მაინც მოხვალ ანგარიშის გასასწორებლად, ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოყვეს და რომელიმე ადამიანი, თუნდაც ჩვენი ქვეყნის მომავალი, ვინმე პირტიტველა ბიჭის სიცოცხლეც კი შეეწიროს.
და მინდა გითხრა დავით, შენ როგორც მეომრობაში მყოფს, ჩვენ რიგებში უამრავი ყოფილი, მოქმედი თუ მომავალი ჯარისკაცია, რომელთაც აფხაზეთიც ააქვს გამოვლილი, ცხინვალიც და დიდი ალბათობით მომავალში ერთმანეთის მხარდამხარაც შეიძლება აღმოჩნდეთ ნებისმიერი მიმართულებიდან შემოსეული მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ველი დავით შენგან დიდსულოვნებას, ბოდიშის მიღებას, ქრისტიანულ პატიებას და მშვიდობის გამოცხადებას.
ღმერთმა დაგლოცოს და დალოცოს და გაახაროს შენი ოჯახი და ყველა შენი კეთილისმყოფელი.
უფალო შეგვიწყალე…” – აცხადებს ფალავანდიშვილი.
ცნობისთვის, დავით ქაცარავას მანქანას, რომელშიც მისი ცოლი და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ, 9 მარტის ღამეს თავს დაესხნენ “ალტ-ინფოს” წევრები. ფეისბუკის ლაივჩართვაში, რომელიც მან თავდასხმის შემდეგ ჩაწერა, ჩანს მძღოლის კარის მოტეხილი სახელური. ქაცარავა ამბობს, რომ დაზიანებულია მანქანის შუშებიც.