“შერიგებაში ვგულისხმობ თამაშის წესებზე შეთანხმებას და სამართლიან არჩევნებს” – აცხადებს, პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია და განმარტავს თუ გულისხმობს “შერიგების” იდეაში.
“შერიგება – ეს სიტყვა ძალიან არასწორია, ყალბი და კომიკურიც კი. ორი ძალიან ცუდი შთაბეჭდილება რჩება:
1. თითქოს ქართული ოცნება და ოპოზიცია, ანუ ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა შევრიგდეთ. თითქოს გაბუტულები ვიყოთ. ეს სრული აბსურდია, არც ხალხს სჭირდება და არც ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ისეთი განსხვავებები, რომ თუ მოვიტყუებით და უცებ ჩახუტების ფოტოებს დავდებთ, ვიქნებით უპრინციპო მატყუარები. ოპონენტები ვართ და უნდა ვიყოთ, რადგან ამას ძირეული და რეალური მიზეზები აქვს.
2. თითქოს დანაშაულები უნდა ჩამოიწეროს. დანაშაულების ჩამოწერა უდანაშაულობის და უსამართლობის განცდას ისე გააძლიერებს, რომ ხალხსაც გული აერევა ყველაფერზე და ჩვენც კიდევ უფრო თავხედები გავხდებით, სახელმწიფო კი ფუნქციას დაკარგავს”. – წერს ხოშტარია.
მისი შეფასებით, რეალურად, იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს თამაშის წესებზე, ხოლო ძალაუფლების განმსაზღვრელი – სამართლიანი არჩევნები უნდა გახდეს.
“1. ჩვენი მეტოქეობა რჩება და დარჩება, მაგრამ ჩვენი ამოცანა ძალაუფლების ცვლილება და არა ურთიერთ განადგურებაა. დღეს ჩვენ მივედით ისეთ ზღვრამდე, სადაც ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთობა ეგზისტენციალურ, ფიზიკურ საფრთხეებს უქმნის ერთმანეთს. სიკვდილი დგას ჩვენ შორის, ბოღმა, ჯანმრთელობის დაზიანება და ბევრი უბედურება. საშიშ ზღვარზე ვართ, სადაც ორი მხარის ერთ ქვეყანაში ფიზიკური არსებობაა პრობლემა და არა პოლიტიკური. ეს დამღუპველია, არა მხოლოდ ჩვენთვის, მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ხან ერთი მოერევა ხან მეორე და მუდმივ განადგურებაში ქვეყანა უბრალოდ შემოგვეცლება. ეს დამოკიდებულება ხალხსაც გადაედო, კარგავს ერთმანეთს ხალხი, სცემენ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ სპირალიდან უნდა გამოვიდეთ.
2. ორივე მხარემ პატივი უნდა სცეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც განსხვავებულ აზრზეა. აქ ოპოზიციის დიდ როლსაც ვხედავ. რაც არ უნდა ძნელი იყოს როცა იდევნები, ძალიან მწვავე კრიტიკაც ხალხისგან უნდა აიტანო, უპასუხო და ის ხალხი მტრად არ გამოაცხადო. აქ მაგალითის მიცემა, განსხვავებული აზრის ხალხთან ურთიერთობაში ჩვენც შეგვიძლია.
ცხადია, ბერკეტები ხელისუფლების ხელშია, ნდობა – უდაბლესი. თუ სუსი მოვა, გამკოჭავს და მეტყვის, შემირიგდიო, ეს არა კონსოლიდაცია, არამედ გათელვაა და ამაზე წასვლა ოპოზიციისგან სისუსტე და კაპიტულაცია. რამდენჯერაც სუსი მოვა იმდენჯერ დახვდება კედელი და აჯანყება.
რაზე უნდა შევთანხმდეთ მაშინ?
1. თამაშის წესებზე: დანაშაულის მასშტაბს და ადრესატებს განსაზღვრავს დამოუკიდებელი სასამართლო. წინა ცხრა წლისაც და ამ ცხრა წლისაც. დღეს ერთი მხარე ამბობს, მხოლოდ წინა ცხრა წელსო, მეორე ამბობს მხოლოდ ახლაო. ჩვენ ვერასდროს შევთანხმდებით ზუსტად ამ ორი ცხრა წლის შეფასებაზე, არც არის აუცილებელი. ამაზე უნდა ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ, მაგრამ დანაშაულის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა ჩვენი შეთანხმებით ან იმით თუ ვინაა დღეს ძლიერი, არამედ დამოუკიდებელი სასამართლოთი. მაშინ სამართლიანობის განცდაც დაბრუნდება და უდანაშაულობის სინდრომიც გაქრება. პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს და აშენდეს დამოუკიდებელი სასამართლო. ტექნიკურად ეს როგორ მოხდეს, სალაპარაკოა და უცხოელების ჩართულობაც საჭირო იქნება.
2. ძალაუფლების განმსაზღვრელი უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები, სადაც დღევანდელი მოცემულობით ვერავინ 100 პროცენტით ვერ მოვა, ამას ყველა უნდა შევეგუოთ. შეიძლება, “ოცნებაც” იყოს რაღაც დოზით, გახარიაც და სხვაც. ეს უკვე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი იქნება სახე მივცეთ იმ არჩევანს, რასაც ხალხი გააკეთებს, მაგრამ არჩევანი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი”. – ამბობს ელენე ხოშტარია.
როგორც ამბობს, მას არ სჯერა, რომ ქართული ოცნება ამას დათანხმდება, მაგრამ ეცდება, რომ ასე მოხდეს.
“ჰოდა კიდევ, ბევრი რამე, მათ შორის, დღეს “ოცნება” რაზე წამოვა და არ წამოვა, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობაში წყდება. ეგ არ გამოგვრჩეს, დიდ სურათში სად ვართ, პირდაპირ კავშირშია”. – წერს ხოშტარია.