ბათუმელი აქტივისტის, ირაკლი ფანგანის დაკავებას ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილიც აფასებს და ამბობს, რომ ეს შერჩევითი სამართალია.
“შერჩევითი სამართალია, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აკავებ ხულიგნობისთვის, მაშინ, როდესაც დღემდე გამოუძიებელი და დაუსჯელია 20 ივნისის ღამის ჯალათების და მრავალი სხვა დანაშაული. გაუქმებული, ჩამოშლილი სახელმწიფოს და კანონის პირობებში, საერთოდ ‘კანონიერების’ პრინციპს ეკარგება შინაარსი. ეს არის ის უბედურება, სადამდეც მიიყვანა ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა.
პოლიტიკურ მორალს კი, შინაარსი ამ პირობებშიც რჩება. მეტიც, საზოგადოების ერთადერთ საყრდენად რჩება. ასე რომ დიახ, არ მომწონს ადამიანის თავზე ურნის დამხობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ის, რომ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული მანდატი დაკარგული აქვს და კანონიც აბუჩად აქვს აგდებული, ეროვნული კატასტროფაა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და ზოგადად”,– წერს სამადაშვილი Facebook–ზე.
დღეს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრი, ირაკლი ფანგანი დააკავეს.