შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნაა – ხოშტარია ნაგვის დაყრისთვის აქტივისტის დაკავებაზე

ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” აქტივისტის დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.

“ჩვენ რა პროტესტის ფორმას შევარჩევთ ერთი საკითხია, კრიტიკაც მოსულა და კამათიც ამ თემაზე, მაგრამ ამ ბიჭის დაჭერა არის შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა”,– წერს ხოშტარია Facebook–ზე.

რამდენიემ საათის წინ დააკავეს აქტივისტი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ხოლო 239-ე მუხლი ხულიგნობას, ანუ ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

ცნობისთვის, გუშინ, 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს.