შესაძლებელია თუ არა რუსეთის SWIFT–იდან გათიშვა და რა მოყვება ამ სანქციას

რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის მუქარამ კიდევ ერთხელ გაიჟღერა აშშ–ს მხრიდან. ამჯერად იმ შემთხვევისთვის, თუ კრემლი უკრაინაზე ახალ თავდასხმას გაბედავს. ასეთი სანქცია რუსეთის ეკონომიკისთვის დიდ დარტყმას ნიშნავს და ჩინოვნიკები მას ომის გამოცხადებასაც კი უთანაბრებენ.  თუმცა მსგავსი სანქციების შემოღება ძალიან რთულია, და ისინი რიგით მოქალაქეებზე თითქმის არ აისახება. ვნახოთ რას ნიშნავს რუსეთის SWIFT–ის სისტემიდან გათიშვა:

რა არის SWIFT 

SWIFT–ის სისტემა ფაქტიურად არის მესენჯერი, რომელშიც მთელი მსოფლიოს ფინანსისტების მიერ  საგადასახადო დავალებების გაცვლა, გარიგებების და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის დადასტურება ხდება. ეს არ არის საგადამხდელო სისტემა, არამედ ეს არის მთავარი და ერთადერთი უნივერსალური არხი მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყნის 11 ათას საფინანსო და არასაფინანსო ორგანიზაციას შორის ფულისა და სხვა ფასეულობების გადაგზავნის განკარგულებების გადასაცემად. ყოველწლიურად SWIFT–ის საშუალებით 5 მილიარდზე მეტი ასეთი შეტყობინება იგზავნება.

ცალკეულ ქვეყნებში – აშშ–დან დაწყებული რუსეთით დამთავრებული ბანკებს შორის კომუნიკაციის შიდა, საკუთარი სისტემები არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ბევრი მაინც SWIFT–ის სისტემის გამოყენებას ამჯობინებს, რადგან ის უფრო მოსახერხებელია, და თანაც ყველა გადახდა უცხოურ ვალუტაში ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ამ სისტემით იგზავნება.

SWIFT–იდან ქვეყნის გამორთვა კავშირის სხვა არხებს არ აუქმებს. ბოლო ბოლო SWIFT–მა ხომ თავის დროზე ტელეფონი, პნევმოფოსტა და ტელექსი შეცვალა 1973 წელს, მას შემდეგ კი მსოფლიომ ტელეკომუნიკაციების და გაციფრულების მხრივ რამდენიმე რევოლუცია გადაიტანა – ფაქსიდან და იმეილიდან დაწყებული ბლოკჩეინით დამთავრებული.

რატომ არის რთული რუსეთის SWIFT–იდან გამორთვა აშშ–ს მოთხოვნით და რატომ შეიძლება ეს შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს

არსებობს ორი მთავარი მიზეზი.

პირველი: SWIFT–ი დამოუკიდებელი კერძო კოოპერატივია, რომლის მფლობელი მისი 3.5 ათასი წევრია – ბანკები და ფინანსური ორგანიზაციები. ის ბრიუსელთან ახლოს, ევროპის გულში მდებარეობს და მასზე ზედამხედველობას 10 უმსხვილესი დასავლური ეკონომიკა ახორციელებს . ის აშშ–ს არ ექვემდებარება და ძალიან მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რომ მისი, როგორც სანქციების ინსტრუმენტის გამოყენება მოხდეს.

ამის გაკეთება აშშ–მ მხოლოდ ორჯერ შეძლო – ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, თუმცა ორივეჯერ ეს ქვეყნები საერთაშორისო თანამეგობრობის , და რაც მთავარია ევროკავშირის სანქციებში მოყვნენ.

როგორც ბელგიური ორგანიზაცია, SWIFT–ი იძულებული გახდა გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა და ის ბანკები გაეთიშა სისტემიდან, რომელთა წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები შემოიღო.

თუმცა, როცა 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ საქმე რუსეთს შეეხო, SWIFT–მა მისთვის უჩვეულო დემარში მოაწყო და გაავრცელა განცხადება მოთხოვნით, შეეწყვიტათ მასზე ზეწოლა. ასევე პირობა დადო, რომ ბანკების გამორთვის ნებისმიერი ცალკეული მოწოდების იგნორირებას მოახდენდა.

სვიფტი მუდმივად ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ კავშირის არხებს წარმოადგენს და არ აპირებს იყოს სანქციების ინსტრუმენტი ვინმეს წინააღმდეგ.

ერთადეთრი გზა, ვინმემ მას ბანკის სისტემიდან გათიშვა აიძულოს, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაა, რომელსაც ბელგიის ხელისუფლება დაამტკიცებს, და არა აშშ–ს ან რომელიმე სხვა ქვეყნის მოთხოვნა.

რა შეიძლება ამ სიტუაციაში აშშ–მ ევროკავშირის გვერდის ავლით გააკეთოს? ალბათ ის, რომ თავად სვიფტს დაემუქროს სანქციებით. თუმცა, ეს განხეთქილებას უკვე მოკავშირეებს შორის გამოიწვევს.

მეორე: რუსეთის გათიშვა სვიფტის სისტემიდან რთული იმის გამოც არის, რომ პოლიტიკურად ეს ერთი ჯოხის ორი ბოლოა და თავად დასავლეთისთვისაც დიდ რისკებს შეიცავს. მიზეზი კი შემდეგია: SWIFT–ის სისტემით გამავალი გადახდები გამჭვირვალეა ამერიკული სპეცსამსახურებისთვის. რუსეთის საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების  სრულად გასვლა დასავლური ელექტრონული სისტემიდან და ჩრდილში გადასვლა აშშ–ს დაზვერვას საქმეს გაურთულობს. თუმცა, ეს პრობლემიების მხოლოდ ნაწილია. არსებობს გლობალური უარყოფითი შედეგების საფრთხეც.

დასავლეთი დიდხანს ქმნიდა გლობალიზაციის ინსტიტუტებს, როგორებიც არის მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო  ბანკი და მსოფლიოს გაერთიანების ერთ–ერთი ინსტრუმენტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ფრაგმენტაციას და იმ გზიდან გადახვევას გამოიწვევს, რომელიც მსოფლიომ დასავლეთის მეთაურობით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აირჩია.

პირველი შედეგები უკვე სახეზეა – რუსეთი და ჩინეთი ანგარიშსწორებაში და რეზერვებში დოლარის წილს ამცირებენ და უკვე არაერთხელ ახსენეს ბანკთაშორისი ანგარიშსწორების საკუთარი სისტემის შექმნა.

ასე რომ,  SWIFT–ის სისტემიდან რუსეთის გამორთვა, რომელიც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთიდან ერთ–ერთი მუდმივი წევრია, ბირთვული სახელმწიფო და ევროპის ენერგორესურსებით უმსხვილესი მომმარაგებელია, სერიოხულ შედეგებს გამოიწვევს არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკისთვის, არამედ მსოფლიო წესრიგისთვისაც.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს პრაქტიკულად ახალი ცივი ომის დასაწყისს უდრის, რაც ურთიერთობების სრულ მოშლას და დიპლომატიური კავშირის სრულ გაწყვეტასაც კი გამოიწვევს რუსეთსა და აშშ–ს შორის.

რას გამოიწვევს SWIFT–იდან გათიშვა რუსული ბანკებისა და ეკონომიკისთვის

რა თქმა უნდა, გამოიწვევს დიდ ზიანს – არა მხოლოდ ფინანსურს, არამედ რეპუტაციულსაც.

ჯერ კიდევ 2014 წელს არსებული საფრთხისას რუსი ჩინოვნიკები ამბობდნენ, რომ ამ სისტემიდან გათიშვა ქვეყანას მისი ეკონომიკის წლიური მოცულობის 5%–ით აზარალებდა. მართალია მას შემდეგ რუსეთი მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის მოემზადა და დარტყმა შეამსუბუქა, მაგრამ ასეთი სანქცია ბიზნესისა და ბანკებისთვის მაინც მძიმე იქნება.

SWIFT–ის სამივე მონაცემთა ცენტრი რუსეთის საზღვრებს გარეთ – აშშ–ში, ნიდერლანდში და შვეიცარიაშია. რუსული ბანკების ყველა ცნობა საზღვარგარეთ გადის, თუნდაც გადარიცხვა და ინფორმაციის გაცვლა უშუალოდ რუსულ ბანკებს შორის ხდებოდეს, რომლებიც შესაძლოა ერთ ქუჩაზეც კი მდებარეობდეს. ამიტომაც, სვიფტიდან გათიშვა იგივეა, რომ ბანკს საერთაშორისო სატელეფონო ხაზი გაუთიშო ან ინტერნეტ კაბელი გადაუჭრა, რომლითაც ფულის გადარიცხვის, ძვირფასი ლითონების და ფასიანი ქაღალდების საკუთარი ანგარიშებიდან სხვა ბანკებში გადატანის განკარგულებებს იძლევა. დარტყმა ძლიერი იქნება, თუმცა არა მომაკვდინებელი – სისტემა შეიძლება წერილებმა, ფაქსებმა და სხვა ტიპის კომუნიკაციმ ჩაანაცვლოს. ეს რა თქმა უნდა უფრო ძვირი და ხანგრძლივი პროცესი იქნება, და საბანკო მომსახურებას ქვის ხანაში დააბრუნებს, გააძვირებს და მნიშვნელოვნად შეანელებს ფინანსურ ნაკადებს გლობალური ვაჭრობისა და საერთაშორისო ტექნოლოგიების ეპოქაში, რაც ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

მეორე პრობლემა რეპუტაციულია

აქამდე სანქცია, რომელმაც სვიფქტი აიძულა სისტემიდან მთელი ქეყანა გაეთიშა, მხოლოდ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. თუ რუსეთი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ამ ქვეყნებს გაუთანაბრდა, ბევრი დასავლური ბანკი და კომპანია თავად იტყვის უარს ამ ქვეყანაში მუშაობაზე და რუსულ ბიზნესთან და სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე.

როგორ შეეხება საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან გათიშვა რიგით მოქალაქეებს

რუსეთის მოქალაქეები SWIFT–იდან გათიშვის შემთხვევაშიც შეძლებენ რუსეთში ბარათებით გადახდას და სავალუტო ანგარიშების გახსნას.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, როცა რუსეთი სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, მას SWIFT–იდან გათიშვის საფრთხე დაუდგა. სწორედ მაშინ შექმნა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუსულ ბანკებს შორის საგადასახადო დავალებების მიმოცვლის საკუთარი ანალოგი. მას ზოგიერთი რუსული ბანკი დღესაც იყენებს, თუმცა სანამ სვიფტი მუშაობს, უმრავლესობას ურჩევნია ერთიან მოსახერხებელ სისტემაში დარჩეს. გაჭირვების შემთხვევაში საკუთარ სისტემაზეც გადავლენ, თუმცა უხალისოდ.

ვინაიდან რუსეთში ანგარიშსწორება მხოლოდ რუბლებშია, სვიფტიდან გათიშვა შიდა რუბლით გადარიცხვებს ვერ შეაფერხებს.  იგივე სიტუაციაა პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ლიდერები – ვიზა და მასტერქარდი ჯერ კიდევ 2015 წელს შეთანხმდნენ, რომ რუსეთში გადაიტანდნენ შიდარუსულ პროცესინგს და კლირინგს. თუმცა, პრობლემების შემთხვევაში რუსეთს საკუთარი ნაციონალური საგადამხდელო სისტემა– „მირ“–იც აქვს.

რაც შეეხება ანგარიშებს უცხოურ ვალუტაში, მეანაბრეებს არ მოუწევთ დანაზოგების რუბლებში გადაყვანა, რადგან სვიფტი მხოლოდ დავალებების საკორესპონდენტო ბანკებში გადაგზავნას ახდენს, სადაც რუსულ ბანკებს საკუთარი საკორესპონდენტო ანგარიშები აქვთ დოლარებში, ევროებში და სხვადასხვა ვალუტაში. ანუ, ტექნიკურად SWIFT–იდან გამორთვა მხოლოდ დავალებების გადაცემის და ფულის გადარიცხვის პროცესს გაართულებს, თუმცა ვერ გააუქმებს.

თუ აშშ და ევროკავშირი მოინდომებენ რუსეთის მოქალაქეებს ევროზე და დოლარზე წვდომა შეუზღუდონ, მათ ხელთ უფრო ძლიერი იარაღი აქვთ – რუსული ბანკების და კომპანიების წინააღმდეგ პირდაპირი სანქციები, რომლებიც შესაძლებლობას მოუსპობს მათ დასავლურ ბანკებში საკორესპონდენტო ანგარიშები გახსნან და შესაბამისად, სავალუტო ოპერაციები აწარმოონ.

ჯერჯერობით ეს სანქციები ძალიან შერჩევითად გამოიყენება მათ წინააღმდეგ, ვისაც აშშ კრემლთან დაახლოებულად თვლის, მაგალითად ბანკ “რასიას“.

სვიფტის სისტემასთან შეერთებულნი არიან არა ქვეყნები მთლიანად, არამედ ყოველი ბანკი ცალკე აღებული, ამიტომაც შესაძლებელია სანახევრო ვარიანტი, როცა რუსული ბანკების ნაწილი წვდომას შეინარჩუნებს სისტემასთან იმ შემთხვევაშიც კი, თუ იქიდან სახელმწიფო ბანკებს და კომპანიებს გათიშავენ.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს საბანკო სექტორს ქვის ხანაში გადაისვრის და მნიშვნელოვნად შეაფერხებს ბიზნეს ოპერაციებს.