შესაძლებელია 21 საათიდან დილის 6-მდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემირ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  სააღგდომო ლიტურგიასთან დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას  ეხმიანება და ამბობს, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია წესების დაცვით საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეები ტაძარში დარჩნენ.

მისი თქმით, გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში დადგენილი წესების დაცვა ზედმიწევნით ხდებოდა.

,,მსურს, გამოვეხმაურო სააღგდომო ლიტურგიის თაობაზე მიმდინარე პოლემიკას და გამოვხატო ჩემი პოზიცია, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში, ერთის მხრივ, ეკლესიის მსახურთათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს საზოგადოების წარმომადგენელთა აზრი.

პირველ რიგში, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში ზედმიწევნით ხდებოდა დადგენილი წესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, სამღვდელოების და მრევლის ერთობლივი ძალისხმევით, ასე გაგრძელდება მომავალ დღეებშიც.

ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა იმ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა, და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას და ზიარების საიდუმლოების აღიარებას”,- წერს კვირიკაშვილი Facebook-ზე.

ყოფილი პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდებიან.

,,საგანგებო მდგომარეობის პირობებს რაც შეეხება, აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია, ანუ ყველა იმ ადამიანის სახლიცაა, ვინც სასოებით მიეახლება უფალს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, საშუალებას მოგვცემს, ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღირსეულად დავძლიოთ ის გამოწვევა, რომლის მსგავსი და უფრო მძიმე არაერთი განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ერის და ბერის ერთიანობით გადაულახავს”,- წერს გიორგი კვირიკაშვილი.